საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის ჭურვების ერთობლივ წარმოებას იწყებენ

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საჭირო საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, საუბარია 155 მილიმეტრიან ჭურვებზე. 

ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ავსტრალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"საუბარია 155 მილიმეტრიან ჭურვებზე, რომელთა გაგზავნაც უკრაინაში შეგვეძლება",- განაცხადა სებასტიან ლეკორნომ. 

ავსტრალია ნატოს არაწევრი ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელიც კიევს შეიარაღებით ღიად ეხმარება. გასული წლის ზაფხულში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარზლომ განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომს ქვეყანა მნიშვნელოვანწილად ეროვნული უსაფრთხოების საკითხად აღიქვამს, აქედან გამომდინარე კიევის დახმარებას გააგრძელებს. 

კონტექსტი 

თავის მხრივ საფრანგეთი ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია, რომელიც უკრაინას აქტიურ სამხედრო მხარდაჭერას უწევს. 

ცოტა ხნის წინ გამოცემა Politico წერდა, რომ პარიზი კიევისთვის Lecrerc-ის ტიპის საბრძოლო ტანკის გადაცემას განიხილავს, ამგვარი შესაძლებლობა ღიად დაადასტურა პრეზიდენტმა მაკრონმაც. 

გუშინ, 30 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე არ გამორიცხა უკრაინისთვის დასავლური წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაც, თუმცა იქ დასცინა, რომ ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავი არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასახმელად.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMC-10-RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემდა - ამგვარად, ტექნიკური თვალსაზრისით საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების მიწოდებას დათანხმდა. 

მსგავსი სიახლეები