საფრანგეთი ლიბანს საუდის არაბეთთან შუამავლობას ჰპირდება

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, ლიბანის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართეს.

ემანუელ მაკრონი, რომელიც შაბათს ერ-რიადს ეწვია, ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანას შუამავლობას და გამწვავებული ურთიერთობების დალაგებაში დახმარებას ჰპირდება.

ლიბანსა და მის ფინანსურად ხელგაშლილ მოკავშირეს, საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ჯორჯ კორდაჰიმ, ოქტომბერში, ერთ-ერთ ინტერვიუში, ერ-რიადი იემენის ომში ჩარევის გამო გააკრიტიკა.

მინისტრის განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა - სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ ბეირუთიდან ელჩები გამოიწვია, ხოლო საუდის არაბეთმა ლიბანურ საქონელს ემბარგო დაადო.

სუნიტი საუდები თვლიან, რომ ლიბანი სულ უფრო მეტად ექცევა ირანის გავლენის ქვეშ, რომელიც შიიტურ გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტრადიციულ მოკავშირედ ითვლება.

კორდაჰიმ თანამდებობა პარასკევს დატოვა. ბევრი თვლის, რომ ქრისტიანი მარონიტი მინისტრის გადადგომა მაკრონის მედიაციის გეგმის ნაწილი იყო.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და საუდის არაბეთი ერთად იმუშავებენ ლიბანის დასახმარებლად, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება.

 


ლიბანი - ბინ სალმანის ინდულგენცია?

მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც 2018 წელს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანს პირადად შეხვდა.

„როგორ დავეხმაროთ ლიბანს და როგორ შევინარჩუნოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა, თუ საუდის არაბეთს - ყურის ყველაზე მრავალრიცხოვან და გავლენიან ქვეყანას - არ დაველაპარაკეთ?“ - განაცხადა საფრანგეთის პირველმა პირმა უფლებადამცველების კრიტიკის საპასუხოდ.

ორი წლის წინ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი, საუდის არაბეთის მოქალაქე ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს. ამერიკელი და თურქი სამართალდამცავების განცხადებით, ხაშოგის მოსაკლავად სპეციალური რაზმი საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალებმა გააგზავნეს.

მსგავსი სიახლეები