საფრანგეთი: რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე ვმუშაობთ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 30 ნოემბერს განცხადებაშია ნათქვამი.
"საფრანგეთისთვის, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ მობილიზებული ვართ, როგორც უკრაინის მართლმსაჯულების სისტემის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდასაჭერად, ორივე ორგანო კომპეტენტური და მიუკერძოებელია იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და ჩადენილ დანაშაულებებზე, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ", - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინადადების საპასუხოდ, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააჟღერა, საფრანგეთმა უკვე დაიწყო მუშაობა ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან.
საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი.
"მადლობას ვუხდი პარტნიორებს, ჩვენი არგუმენტების მოსმენისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რუსეთი გადაიხდის ყველაფრის საფასურს", - დაწერა ერმაკმა, საკუთარ Telegram-ზე.