საფრანგეთი: უკრაინას შეუძლია SCALP-ის რაკეტები რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში, 24 ნოემბერს განაცხადა.

"პრინციპი ჩამოყალიბდა... ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისადმი კარგად იქნა მიღებული," - თქვა მან და განმარტა საფრანგეთის პოზიცია: "არ არსებობს 'წითელი ხაზები' უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით." კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს საფრანგეთის ჯარის მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, მან უპასუხა: "ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს."

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუს დროს ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიუთითა პარიზის მზადყოფნაზე, მოიწვიოს უკრაინა ნატოში, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა.

"ჩვენ მზად ვართ გავაგზავნოთ მოწვევა და ამიტომ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ისევე როგორც უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ვმუშაობთ, რათა ისინი ჩვენს პოზიციებს დაუახლოვდნენ," - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: "რა თქმა უნდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს, თუ მეტის გაკეთება გვსურს და ვფიქრობ, ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ."

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ომის მნიშვნელოვანი ესკალაცია მოხდა, ბრიტანეთისა და აშშ-ის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები უკრაინელებმა პირველად ისროლეს რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთმა ახალი ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" უკრაინის ქალაქ დნიპროსკენ გაუშვა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 17 ნოემბერს გააუქმა ATACMS-ის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის აკრძალვა.

19 ნოემბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რაკეტებით ბრიანსკის რეგიონი დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები