საფრანგეთის ახალმა პრემიერმა პირველი განცხადება გააკეთა
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ გაბრიელ ატალისგან თანამდებობა გადაიბარა, რომელმაც პოსტი საბოლოოდ დატოვა და პირველი სიტყვა წარმოთქვა.
ბარნიემ თქვა, რომ ის თავის ახალ თანამდებობას "თავმდაბლობით" იკავებს და სურს უპასუხოს "გამოწვევებს, რისხვას, ტანჯვას, მიტოვების გრძნობასა და უსამართლობას," რომელსაც ბევრი თანამოქალაქე განიცდის.
"ჩვენ რთულ მომენტში ვართ... მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი გვერდი, ეს პერიოდი სასარგებლო იყოს ფრანგებისთვის და საფრანგეთისთვის," - განაცხადა მან.
მიშელ ბარნიემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ის პარლამენტს წარუდგენს ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს.
"ახლა პრემიერ-მინისტრი უნდა თქვას სიმართლე, თუნდაც ეს რთული იყოს. სიმართლე, უპირველეს ყოვლისა, ვალზე, იმ "ეკოლოგიურ" ვალზე, რომელიც უკვე დევს ჩვენი შვილების მხრებზე; ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლენის შესახებ (...). მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა ვისაუბროთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც იმუშავებს," - თქვა ბარნიემ.
მან განაცხადა, რომ მომავალში საჭირო იქნება "დიდი ყურადღება და დიდი პატივისცემა, პირველ რიგში მთავრობასა და პარლამენტს შორის" და პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილეს შორის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, 5 სექტემბერს ამ თანამდებობაზე მიშელ ბარნიეს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მემარჯვენე ცენტრისტი "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი, Brexit-ის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე დანიშნა.
ბარნიე ოთხჯერ იყო საფრანგეთი მთავრობაში მინისტრი და ორჯერ ევროკომისარი, სანამ 2016 წელს Brexit-ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდებოდა. ფრანგული მედიის ცნობით, ბარნიე ელისეს სასახლეში ოთხშაბათს გვიან იმყოფებოდა.
ვეტერანი პოლიტიკოსი "რესპუბლიკურ" პარტიაში ავტორიტეტით სარგებლობს და საპრეზიდენტო კოალიციის წევრებთან ერთად, მათი მხარდაჭერის მოპოვებასაც შეძლებს. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ" (RN) ხუთშაბათს მიანიშნა, რომ აუცილებლად ბარნიეს წინააღმდეგ არ წავა, თუ ის გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სებასტიან შენუმ BFMTV-ს განუცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია დაელოდება რა პოზიცია ექნება ბარნიეს მიგრაციაზე და საფრანგეთის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე.