ლე მერი: ვცდილობთ სხვა ქვეყნები დავარწმუნოთ უარი თქვან რუსულ ნავთობზე

საფრანგეთი მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე ემბარგოს და სხვა ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას "ეწინააღმდეგებიან". ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 18 აპრილს რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა

"როდესაც ხედავთ, რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს ისე არის საჭირო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა. სწორედ ამას ვამზადებთ... რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი... რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინაში ომის დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს", - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, რუსულ ნავთობზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ლე მერმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის დასაცავად აუცილებელია რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტა, რომლიდან მიღებული უცხოური ვალუტითაც პუტინი ომს აფინანსებს.

"ის, რომ ჩვენ ამას დღეს არ ვაკეთებთ, იმიტომ კი არ ხდება, რომ საფრანგეთს ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი ჯერ კიდევ ყოყმანობს", - თქვა ლე მერმა.

მსგავსი სიახლეები