საფრანგეთის პარლამენტში მემარცხენეები პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმდნენ
მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში შეთანხმდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ლუსი კასტეს წარადგენს.
ამის შესახებ BFMTV წერს.
მემარცხენე კოალიციის ოთხი პარტია, რომელშიც შედის ულტრა-მემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთი," ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 37 წლის ლუსი კასტეს კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.
საფრანგეთის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კასტე ახლა პარიზის მერიის საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
"ახალი სახალხო ფრონტის" ერთობლივ განცხადებაში მასზე საუბარია, როგორც "უფროს საჯარო მოხელეზე, რომელიც მუშაობდა საგადასახადო თაღლითობისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად."
კასტე ასევე არის ორგანიზაცია Nos Services Publics-ის წამყვანი ფიგურა, რომელიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის მთავრობის საჯარო სამსახურის პოლიტიკას და ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე მემარცხენე კოალიციას პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავდა. ამის მიზეზი ჟან-ლუკ მელანშონთან შეუთანხმებლობა იყო.
კასტეს კანდიდატურის ინიცირების საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი დროებითი მთავრობა "აგვისტოს შუა რიცხვებამდე" გააგრძელებს მუშაობას.