საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი გადადგა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ცდილობს ახალი იმპულსი მისცეს მის მთავრობას, ევროპარლამენტის არჩევნებისა და პარიზის ოლიმპიადის წინ.
მაკრონმა ბორნის მემკვიდრე დაუყოვნებლივ არ დაასახელა.
ბორნის პრემიერობა განსაკუთრებით რთულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც 2022 წლიდან მაკრონის პარტიამ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა.
სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის ცვლილების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია, რაც საპენსიო სისტემის რეფორმამ და გამკაცრებულმა საიმიგრაციო კანონმა გამოიწვია.
ამასთანავე, 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს და მოსალოდნელია, რომ ევრსკეპტიკური ძალები რეკორდულად მაღალ მხარდაჭერას მიიღებენ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ მაკრონის პარტია ივნისის არჩევნებისთვის ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიას დაახლოებით რვა-ათი პროცენტით ჩამორჩება.
ბორნის პოტენციურ შემცვლელებად 34 წლის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი და 37 წლის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ განიხილებიან.
ამ პოსტზე ასევე მოიაზრება ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერიც.