საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას ახალ რაკეტებს და ჯავშანტექნიკას გადავცემთ
საფრანგეთი თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა მიწა-ჰაერის ახალ რაკეტებს და ჯავშანტექნიკას მიიღებს.
სებასტიენ ლეკორნუმ La Tribune Dimanche-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას სთხოვა შეემუშავებინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც კიევს რუსეთის შემოჭრისგან თავის დაცვაში დაეხმარებოდა.
"ეს განსაკუთრებით მოიცავს ჩვენი არმიის ძველ აღჭურვილობას, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს", - თქვა მან. "ამხელა ფრონტის ხაზის დასაცავად, უკრაინის არმიას სჭირდება ჩვენი ჯავშანტექნიკა - ეს არის აბსოლუტური გასაღები ჯარების მობილურობისთვის და არის უკრაინის მოთხოვნის ნაწილი."
კითხვაზე, რა რაოდენობის ჯავშანტექნიკას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას, ლეკორნუმ უპასუხა: "ჩვენ ვსაუბრობთ ასობით ერთეულზე 2024 წლისთვის და 2025 წლის დასაწყისში."
მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთი უკრაინას "Aster 30-ის რაკეტების ახალ პარტიას" გადასცემს.
ლეკორნუს განცხადება დამეთხვა გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ უთანხმოებას. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ აკრიტიკებენ საფრანგეთს, რომ ქვეყანა საკმარის დახმარებას არ აწვდის უკრაინას.
ამავდროულად, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. კვირას რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინის დასავლეთში, ლვივის რეგიონში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი ჩრდილო-აღმოსავლეთში თავდასხმის შედეგად დაიღუპა.