საფრანგეთში მერიის შენობებზე ევროკავშირის დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ქვეყანაში მერიის შენობებზე ევროკავშირის დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილებამ ევროსკეპტიკური პარტიების აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ Politico წერს.
კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია "რენესანსი" იყო, მხარი 130-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 109 იყო.
საფრანგეთში ევროკავშირის დროშის აღმართვა აქამდე ნებაყოფლობითი იყო. იმ ქალაქებში, რომლებსაც ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსები მართავდნენ, საჯარო შენობებზე ევროკავშირის დროშა აღმართული არ იყო. ოთხშაბათის გადაწყვეტილებით, დროშის აღმართვა სავალდებულო გახდება ყველა ქალაქისთვის და დასახლებისთვის, რომელთა მოსახლეობაც 1500-ზე მეტია.
კენჭისყრის წინ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" დეპუტატებმა, რომლებიც მთავრობას ფრანგული იდენტობის ხელყოფაში ადანაშაულებენ.
"მაკრონის დეპუტატები ავლენენ ზიზღს ფრანგი ხალხის მიმართ... ფრანგები მხოლოდ სამ ფერს ემორჩილებიან თავიანთ სკოლებში, ცერემონიებზე, როცა პატივს მიაგებენ დაღუპულებს, ეს არის თეთრი, ლურჯი და წითელი", - თქვა ულტრამემარჯვენე დეპუტატმა ჟან-ფილიპ ტანგიმ.
ეს ნაბიჯი ასევე მემარცხენე კოალიცია NUPES-ის წევრების ნაწილმაც გააკრიტკა. მემარცხენე პოლიტკური ჯგუფი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში პრო-ევროპელი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსებისგან შედგება, კანონპროექტის წინააღმდეგ ჟან-ლიკ მელანშონის პარტიის წევრები გამოვიდნენ, პროევროპულმა მწვანეთა პარტიამ კი ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი საბოლოოდ საფრანგეთის სენატმა უნდა დაამტკიცოს.