საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ 1,1 მილიონი ადამიანი გამოვიდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 იანვარს გამართულ დემონსტრაციებზე, ჯამში - 1,12 მილიონი ადამიანი გამოვიდა. 

საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციები პარიზში, მარსელში, ლიონში, რენში, ლილში, ბორდოსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 

ამავე ინფორმაციით, უშუალოდ პარიზში, დემონსტრატების რაოდენობამ 80,000 ადამიანი შეადგინა. 

განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მთავარმა პროფკავშირმა (CGT), რომლის თანახმადაც, ჯამში 2 მილიონი ადამიანი შეუერთდა აქციებს, ხოლო უშუალოდ პარიზში, ქუჩებში 400,000 დემონსტრანტზე მეტი გამოვიდა. 

პროფესიული კავშირის წარმომადგენლების თქმით, მათ შორის იყვნენ მეხანძრეები, სტუდენტები, პოლიციელები, საავადმყოფოს თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

გამოსვლების საპასუხოდ, ბარსელონაში მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს რეფორმაზე მუშაობას "პატივისცემით, დიალოგის სულისკვეთებაზე დაფუძნებით, მაგრამ ამავდროულად იქნება გამბედავი და  პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე."

საფრანგეთის რვა ყველაზე ძლიერი პროფესიული გაერთიანება შეთანხმდა, რომ შემდეგი დემონსტრაცია და გაფიცვები 31 იანვარს გაიმართება, ეროვნულ ასაბლეაში კანონპროექტის განხილვის დაწყებიდან, ერთი დღის შემდეგ. 

კონტექსტი

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ემანუელ მაკრონის მთავრობის ინიციატივას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკი ორი წლით - 64 იზრდება, რისი მიზეზადაც, აღნიშნული სისტემის ფარგლებში, სამომავლოდ, გარდაუვალი ფინანსური პრობლემების წარმოქმნაა მოყვანილი. 

იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს მთავრობის ინიციატივას და ქვედა ზღვარს 2 წლით გაზრდის, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საფრანგეთს მაინც ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკი ექნება. 

აქვე აღსანიშნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობის ინიციატივას მხარი მემარჯვენე ორიენტაციის რესპუბლიკურმა პარტიამ დაუჭირა, მათთვის საპენსიო რეფორმა, მრავალი წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. 

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი, ჟაკ შირაკი იყო. 

იმ შემთხვევაშ, თუკი საკანონმდებლო ორგანო უარს იტყვის კანონპროექტის მიღებაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ელიზაბეთ ბორნს შეეძლება კონსტიტუციის 49.3 მუხლი გამოიყენოს, რაც საშუალებას აძლევს მთავრობას, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს. 

კონსტიტუციის 49.3 მუხლი, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე სადავო მუხლად მიიჩნევა, რის გამოყენებასაც, მმართველი ძალის ლიდერები, ხშირად ერიდებიან. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვიდან მცირე დროში, პრემიერ-მინისტრ ელიზაბეთ ბორნს, ამ მუხლის გამოყენება, არაერთხელ მოუხდა. 

მსგავსი სიახლეები