საგამოძიებო უწყების თხოვნის მიუხედავად გენერალი პოპოვი პატიმრობაში დატოვეს

საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობის მიუხედავად, რუსეთის არმიის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ივან პოპოვი გარნიზონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

საგამოძიებო კომიტეტმა სასამართლოს პოპოვის შინა პატიმრობაში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა. პოპოვის შინა პატიმრობაში გადაყვანის შესახებ წერდნენ სხვადასხვა რუსული წყაროებიც, მაგრამ სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. 

დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამერთლემ განაცხადა, რომ საქმეში ვერ აღმოაჩინა საკმარისი მტკიცებულებები გადაწყვეტილების შესაცვლელად. 

"არაუშავს, უარესებიც გამოგვივლია",- განაცხადა გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ ივან პოპოვმა. 

კონტექსტი 

ივან პოპოვი ბოლო 1 თვის განმავლობაში დაპატიმრებული მეოთხე გენერალია, მანამდე მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრეს, სერგეი შოიგუს მოადგილე, ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი, იური კუზნეცოვი. 

პოპოვის დაპატიმრების შესახებ თავდაპირველად Z ტელეგრამ არხები Военный осведомитель და Два майора. ტელეგრამ არხების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებიდან დაახლოებით 1 საათში პოპოვის დაპატიმრების შესახებ დაწერა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ და ძალოვანებთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა. 

TAСС-ის ცნობით, პოპოვი ბრლადებულია თაღლითობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ამავე წყაროს ცნობით, პოპოვის საქმე რუსეთის 235-ე საგარნიზონო სასამართლომ განიხილა. 

 

Mash-ის ცნობით, პოპოვს ადანაშაულებენ 2 ათასი ტონა მეტალის კონსტრუქციების გაყიდვაში, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში თავდაცვითი ზღუდეების ასაშენებლად იყო გათვლილი. ამავე წყაროს ცნობით, პოპოვთან ერთად დანაშაულებრივ სქემაში ჩართულები იყვნენ ბიზნესმენები კრასნოდარიდან და 58-ე არმიის ოფიცერი. 

პოპოვი რუსეთის 58-ე არმიის მეთაურის პოსტს 2023 წლის ივლისამდე იკავებდა, სწორედ ის მეთაურობდა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მოქმედ საოკუპაციო დანაყოფებს უკრაინის კონტრიერიშის საწყის პერიოდში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პოპოვის გათავისუფლებისა და ვალერი გერასიმოვთან კონფლიქტის მიზეზი მის მიერ მომზადებული ანგარიში იყო. ანგარიშში პოპოვი მოწინავე ქვედანაყოფების როტაციის აუცილებლობაზე წერდა, რამაც გერასიმოვის უკმაყოფილება გამოიწვია. 

გერასიმოვმა პოპოვი პანიკიორობასა და ხელმძღვანელობის შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც მალევე მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. 

პოპოვი მისი ქვეშერმდომების მიმართ გავრცელებულ აუდიო შეტყობინებაში ამბობდა, რომ ის "ვერაგულად და მოღალატეობრივად მოიშორეს."

სკანდალის შემდეგ ივან პოპოვი მივლინებაში სირიაში გაგზავნეს, საიდანაც მალევე რუსეთში თაღლითობის მუხლით აღძრული საქმის ფარგელბში დაიბარეს. რუსული წყაროების ცნობით, თავდაპირველად საქმეზე ბრალდებული პოპოვის დაქვემდებარებული პირი იყო. 

ივან პოპოვი რუსეთის არმიაში დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები