სახდეპი: რუსეთის მტკიცება, რომ მარიუპოლი სრულად დაიკავეს დეზინფორმაციაა
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მტკიცების იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი სრულად დაიკავეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, "ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია რუსეთის კარგად ნაცნობი სახელმძღვანელოდან."
პრაისის თქმით, მარიუპოლში ყალბი გამარჯვების მტკიცებით, პუტინი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს თავისი შეიარაღებული ძალების ჩავარდნისგან, რომელმაც ვერ მიაღწია ვერცერთ ძირითად დასახულ მიზანს.
მისივე თქმით, უკრაინული ძალები კვლავაც აკონტროლებენ მარიუპოლის ზოგიერთ უბანს. "უკრაინელების გასაოცარი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა მარიუპოლში ქმნის საოცარ კონტრასტს იმ სულისკვეთებასთან, რაც ჩვენ რუსეთის არმიის რიგებში ვიხილეთ."
ამავდროულად ნედ პრაისმა კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს უზრუნველყონ ჰუმანიტარული კორიდორების ეფექტური ამუშავება მარიუპოლის ტერიტორიაზე, რათა მშვიდობიან მოსახლეობას მიეცეს ქალაქიდან გასვლის საშუალება.
ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან მოყოლებული პრაქტიკულად სრულ ალყაშია. ამ დრომდე ქალაქს მოხალისეობრივი ბატალიონი აზოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადა იცავს.
მძიმე დანაკარგების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის რამდენიმე უბანზე, მათ შორის ერთ-ერთი აზოვსტალის მსხვილი საწარმო, რომელიც ქალაქის პორტთან ახლოს მდებარეობს.