სალივანი: თუ რუსეთი ბირთვული იარაღს გამოიყენებს კატასტროფულ შედეგებს მიიღებს
ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა ტელეარხ ABC-ის ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე სერიოზულად აღიქვამს თუ არა თეთრი სახლი პუტინისგან გაჟღერებულ მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სალივანმა დადებითად უპასუხა.
"ჩვენ დახურული კომუნიკაციით რუსეთის უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობას გავაგებინეთ, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით, რომ აშშ-სა და მოკავშირეების პასუხი იქნება გადამწყვეტი. მათ ძალიან კარგად ესმის თუ რის წინაშე აღმოჩნდებიან თუ ამ ბნელ გზაზე სიარულს აირჩევენ",- განაცხადა სალივანმა.
ამავდროულად ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის ბირთვული მუქარები ვერ შეაკავებს აშშ-ს სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას, როდესაც ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა. პუტინმა ამ ბირთვული კარტის ფრიალი ჯერ კიდევ თებერვალში, მაშინ დაიწყო, როდესაც რუსულმა ტანკებმა პირველად გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. ამან ჩვენ ვერ შეგვაკავა და უკრაინას ამ პერიოდში 15 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება გადავეცით. და ეს ვერ შეგვაკავებს ახლაც".
წამყვანის კითხვაზე მოიცავს თუ არა აშშ-ს შესაძლო პასუხი რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას, სალივანი პასუხობს - "ჩვენ კერძო კომუნიკაციებში უკვე გავაგებინეთ რუსებს თუ რა შედეგები ექნება ამას, მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილები ვართ ამ თემაზე საჯარო საუბრებში. რუსებს ძალიან კარგად ესმით სად იმყოფებიან, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის სად ვიმყოფებით და ვემზადებით ყველანაირი გარემოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს აუცილებელს იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსეთი ამ ნაბიჯისგან და თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს, ჩვენი პასუხი გადამწყვეტი იქნება".