სალივანი: უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაიბრუნებს

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დადებითად შეაფასა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივები. 

ამის შესახებ, სალივანმა, კვირას CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის მრჩევლის თქმით, უკრაინული ძალების სამხედრო ქმედებები გამოიწვევს "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების" დაბრუნებას.

"რამდენი (ტერიტორია - რედ.), რა ადგილებში - ეს დამოკიდებული იქნება ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, რაც განსაზღვრავს უკრაინელების მიერ კონტრშეტევის დაწყებას. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ," - აღნიშნა მან.

კითხვაზე, დააჩქარებს თუ არა კონტრშეტევა სამშვიდობო პროცესს, სალივანმა თქვა, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები "მნიშვნელოვნად იმოქმედებს" უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებებზე.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად აღნიშნა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიური გზით დასრულდება," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეერთებული შტატები თვლის, რომ თავის მოკავშირეებთან ერთად, სათანადოდ უზრუნველყო უკრაინა შეიარღებით კონტრშეტევის დასაწყებად.

მსგავსი სიახლეები