სამხრეთ კორეაში ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე, რომელიც სასჯელს კორუფციის გამო იხდიდა, შეიწყალეს.
სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შეწყალების აქტი „საზოგადოებრივი განხეთქილების დაძლევის“ მიზნით გამოიცა.
„დადგა დრო, წარსულის ტკივილებს გადავაბიჯოთ და ახალ ერაში შევაბიჯოთ“, - განაცხადა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა მუნ ჯე ინმა.
69 წლის ექს-პრეზიდენტი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ავადმყოფობდა და ქრონიკული ტკივილების გამო მკურნალობის კურსს სამოქალაქო საავადმყოფოში გადიოდა.
შეწყალების გარეშე პაკ კინ ჰეს სასჯელის სახით კიდევ 20 წელი ჰქონდა მოსახდელი.
ვინ არის პაკ ინ ჰე?
პაკი ქვეყნის პირველი ქალი ლიდერია. იგი სამხრეთ კორეას 2013-2017 წლებში მართავდა.
პაკ კინ ჰე ერთ დროს კონსერვატიული ფრთის ფავორიტად ითვლებოდა. სამხრეთ კორეულმა მედიამ მას „არჩევნების დედოფალი“ შეარქვა. ის სამხრეთ კორეის ყოფილი დიქტატორის, გენერალ პაკ ჩონ ჰის ქალიშვილია, რომელსაც კონსერვატორები ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებას მიაწერენ.
პაკ კინ ჰე თანამდებობიდან 2017 წელს, პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების გამო გადადგა, რომელიც კორუფციაში მისი თანამონაწილეობის შესახებ ბრალდებებს და მასობრივ დემონსტრაციებს მოჰყვა.
გამოძიებამ მას ბრალი მილიონობით დოლარის ქრთამის აღებაში და ქვეყნის მსხვილი კომპანიებიდან - როგორიცაა „სამსუნგი“ - თანხის გამოძალვაში წაუყენა.
ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებას უარყოფს და თავს „პოლიტიკური ანგარიშგების“ მსხვერპლად მიიჩნევს.
შეწყალების მიღმა
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეწყალების აქტის მიღმა შესაძლოა პოლიტიკური გათვლაც იყოს.
2022 წლის მარტში სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში ერთმანეთს ლიბერალური პლატფორმის, მმართველი დემოკრატიული პარტია და კონსერვატიული ხალხის ძალა დაუპირისპირდებიან.
შესაძლოა, პაკ კინ ჰეს შეწყალებით, ლიბერალი მოქმედი პრეზიდენტი კონსერვატიული ბანაკის დაყოფას ცდილობს.
საპრეზიდენტო ტრადიცია
აქამდე სამხრეთ კორეის თითქმის ყველა ლიდერმა მმართველობა ტრაგიკულად ან საბრალდებო სკამზე დაასრულა.
პაკის მამა, გენერალი პაკ ჩონ ჰი 1979 წელს, მმართველობის მე-18 წელში მოკლეს. კორუფციაში ეჭვმიტანილმა ნო მუ ჰიენმა სიცოცხლე 2009 წელს, თვითმკვლელობით დაასრულა. პრეზიდენტობის შემდგომ საპყრობილეში სასჯელის მოხდა მოუწიათ ექს-პრეზიდენტებს ჩონ დუ ჰვანს და რო დე უს.
პაკის წინამორბედი, ექს-პრეზიდენტი ლი მიონ ბაკი კორუფციის ბრალდებით 17 წლიან სასჯელს იხდის.