სანდუ: კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მოლდოვას ძირს უთხრიან
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ოქტომბერში ქვეყანაში საპროტესტო აქციები წამოიწყეს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მუშაობენ მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ამის შესახებ მან რუმინულ ტელეარხ Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.
სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ჩარევის მცდელობები ახალი არ არის და პრორუსული პოლიტიკური ძალების ბოლო საპროტესტო აქციების უკან რუსული სპეცსამსახურებიც დგანან. რუსეთი ხალხის უკმაყოფილებას ფასების სერიოზული ზრდის ფონზე იყენებს, რათა კიშინიოვში მთავრობას პრობლემები შეუქმნას.
"ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომლებმაც მოიპარეს ბევრი ფული მოლდოვაში და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს, პრორუსულ პარტიებს მოლდოვაში, ყველას აქვთ საერთო მიზანი: მოლდოვის დესტაბილიზაცია. ისინი თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ სირთულეებს, რომელიც მოქალაქეების წინაშე დგას, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ დემოკრატია", - განაცხადა მაია სანდუმ.
28 ოქტომბერს The Washington Post-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის FSB-მ ათობით მილიონი დოლარი დახარჯა ქვეყნის მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსების დახმარებით.
კერძოდ, WP წერს, რომ სექტემბერში მოლდოვაში ჩატარებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები პარტია "შორის" ლიდერის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც მოსკოვში "ღირსეულ გრძელვადიან პარტნიორს" უწოდებდნენ. გამომძიებლები ამბობენ, რომ 35 წლის შორი ახლა კრემლის დასაყრდენია მოლდოვაში.