სანდუ: მოლდოვა არასოდეს იქნება მკვლელების მხარეზე

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში და აღნიშნა, რომ მოლდოველებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან მეგობრები და ვინ არიან მტრები.

ამის შესახებ სანდუმ პარასკევს, ტელეკომპანია Moldova 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მოლდოველები არასოდეს ყოფილან და არც არასდროს იქნებიან მკვლელების მხარეზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველივე დღიდან", - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კიშინიოვმა ისაუბრა რუსეთის მცდელობებზე, დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი მოლდოვაში და ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, ასევე პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, რომელიც ამ პროცესს თან ახლდა.

"მაგრამ როდესაც ჩვენ გვქონდა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ისინი ცდილობდნენ კიშინიოვში მოქალაქეების მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაემხოთ, მაშინ ჩვენ გამოვედით და საჯაროდ ვისაუბრეთ, რათა ჩვენმა ხალხმა იცოდეს ვინ არიან ჩვენი მეგობრები და ვინ არიან ჩვენი მტრები." - განაცხადა სანდუმ.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვის განვითარებისთვის საჭირო რესურსები რუმინეთიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და იაპონიიდან მოდის.

"რა თანხა მივიღეთ კრემლიდან საბავშვო ბაღების, სკოლების და საავადმყოფოების შესაკეთებლად? არც ერთი ბანი (მოლდოვის ფულის ერთეული, 1 ლეუ=100 ბანი - რედ.) არ მოსულა. მათგან მოდის შანტაჟი და ომი", - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.

პარასკევს პარლამენტში მანამდე დაუანონსებელ გამოსვლაში, სანდუმ მთავრობას "ქვეყანის დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შესაჩერებლად" გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს პროპაგანდასთან ბრძოლისკენ მოუწდა, "რომელიც ადამიანებს წამლავს." 

მსგავსი სიახლეები