სანდუ: რუსეთს მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა News Maker წერს.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. გასულ შემოდგომაზე, ასეთი მცდელობები უკვე იყო, მაგრამ მოლდოვის ხელისუფლების სწრაფი ჩარევის წყალობით, ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა.
"მომავალში [რუსეთის] გეგმა სამხედრო უნარების მქონე ადამიანების მონაწილეობით დივერსიას, გადაცმული მშვიდობიანი მოქალაქეებით, ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად, სამთავრობო შენობებზე თავდასხმებს და მძევლების აყვანას ითვალისწინებს", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ხელისუფლების შეცვლას აპირებს.
"ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან მიღებული დოკუმენტები მიუთითებს ამ დივერსიული საქმიანობის ორგანიზების ლოკაციებზე და ლოგისტიკურ ასპექტებზე. გეგმა ასევე ითვალისწინებს უცხოელების გამოყენებას ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგალითად, მასალები შეიცავს ინსტრუქციებს მოლდოვაში შესვლის წესების შესახებ რუსეთის, ბელორუსის, სერბეთის და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა სანდუმ.
პრეზიდენტის თქმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები მუშაობენ ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის მიზნით.
სანდუმ აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელებისას კრიმინალები ეყრდნობიან შიდა ძალებს, კერძოდ პარტია "შორს", ზოგიერთ ვეტერანს, ყოფილ სამართალდამცავებს და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერთან, ბიზნესმენ ვლადიმერ პლახოტნიუკთან დაკავშირებულ ცნობილ ადამიანებს.
მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია კიშინიოვის კონსტიტუციური და ლეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლებით შეცვლა, "რათა რუსეთმა შეძლოს რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და მოლდოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება."