სანქციებმა აფრიკაში რუსული შეიარაღების ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა - Foreign Policy
რუსეთს აფრიკის ქვეყნებში შეიარაღების ექსპორტის სერიოზულად შემცირება მოუწევს, წერს გამოცემა Foreign Policy თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის მიხედვით, უკრაინაში ომის გამო რუსეთს აფრიკაში იარაღის გაყიდვების შემცირება მოუწევს, რაც აქამდე კრემლისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
რუსეთის ნიშა აფრიკულ ბაზარზე შესაძლოა კონკურენტმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და ჩინეთმა დაიკავონ.
ექსპერტების შეფასებით, დღეს რუსეთზე აფრიკის ქვეყნებში იმპორტირებული მძიმე შეიარაღების ნახევარი მოდის.
ალჟირი, ეგვიპტე, სუდანი და ანგოლა რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან.
„ველოდებით, რომ რუსებს შესყიდვის კონტრაქტების შესრულებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით კარგავენ ისინი შეიარაღებას უკრაინაში“, - განაცხადა აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენელმა გამოცემასთან ინტერვიუში.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთს მაღალტექნოლოგიური ნაწილების ექსპორტი შეეზღუდა, რაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების წარმოებისთვისაა საჭირო.
ექსპორტის შემცირებით გამოწვეული ზიანი რუსეთის მთელ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს დააზარალებს, მიიჩნევენ პენტაგონში.
„[რუსეთს] შეიარაღების მცირე რაოდენობით წარმოება არ აწყობს. მათ ექსპორტი სჭირდებათ, რათა იარაღის ქვეყნის შიგნით წარმოების ხარჯები დაფარონ“, - აცხადებს ჯონ პარაჩინი, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Rand Corp-ის ანალიტიკოსი.