საფრანგეთში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ აქციები მიმდინარეობს
შაბათს საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგოდ აქციები დაიწყო.
მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთის ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანი 15 სექტემბრამდე უნდა აიცრას ან საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს.
გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, თვითმფრინავებში და სხვა მსგავს ადგილებში ადამიანებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი აცრის შესახებ.
საპროტესტო აქციები პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილში და სხვა ქალაქებში გაიმართა.
საფრანგეთის მოსახლეობის 55%-მა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო, 44% კი სრულად აცრილია.
საფრანგეთის მსგავსი რეგულაციები დააანონსა საბერძნეთის მთავრობამ, რასაც აქციები საბერძნეთშიც მოჰყვა.