საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები დაიწყო
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები დაიწყო.
რეფორმის ფარგლებში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაზარდოს.
დღევანდელ გაფიცვაში რვა მსხვილი პროფკავშირი მონაწილეობს, რაც სკოლების, საჯარო ტრანსპორტისა და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების საქმიანობას აფერხებს.
გაფიცულია დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა ნახევარი.
პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის პარალიზებულია. გადაადგილდება სამიდან მხოლოდ ერთი ჩქაროსნული მატარებელი, მეტროს 16 სადგურიდან კი მხოლოდ ორი ისეთი სადგური არ გაჩერებულა, სადაც მატარებლები ავტომატურად, მემანქანის გარეშე მოძრაობენ.
მაკრონი უკან არ იხევს
იანვრის პირველ ნახევარში რეფორმის წინააღმდეგ პროტესტში მილიონზე მეტმა ფრანგმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების ორი მესამედი ცვლილებების წინააღმდეგია.
ამისდა მიუხედავად, მაკრონის მთავრობა უკან დახევას არ აპირებს. ეროვნულ ასამბლეაში შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცება შემდეგ კვირაშია დაგეგმილი.
მაგრამ პარლამენტში მაკრონის ფრაქციას უმრავლესობა არ აქვს. კანონპროექტის გასატანად მათ კონსერვატორი რესპუბლიკელების მხარდაჭერა დასჭირდებათ.