საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 350 მილიონი დოლარის კრედიტს გამოუყოფს

საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 450 მილიონ კანადურ დოლარს გადასცემს, რაც 350 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. 

"დღეს გამოყოფილი 450 მილიონი დოლარის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინას დაეხმარება გათბობის სეზონის დაწყებამდე საწვავის შესაძენად, კანადა ასრულებს უკრაინის წინაშე აღებულ საკრედიტო ვალდებულებებს",- ნათქვამია კანადის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, წარმოშობით უკრაინელი ხრისტი ფრილანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამგვარად მიმდინარე წელს ოტავას მიერ კიევისთვის გამოყოფილი კრედიტების ჯამურმა მოცულობამ 1.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ჯამურად ბოლო წლებში კანადამ უკრაინას 2.6 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო. 

კანადისგან მისაღები კრედიტის შესახებ გასულ კვირაში ისაუბრა რადის დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა. დეპუტატის თქმით, კრედიტი 10-წლიანია და წლიურ 1.6%-იანი განაკვეთით. 

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიიდან გაზის ექსპორტი აკრძალა, მათ შორის იმ ბუნებრივი აირისაც, რომელიც გაზსაცავებში ინახება. 

ივნისში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კურბაკოვმა განაცხადა, რომ ლოჯისტიკური ჯაჭვების დარღვევის გამო უკრაინა იძულებულია საწვავი შეიძინოს ნებისმიერ ადგილას სადაც შეუძლია. 

უკრაინაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი ოპერატორის გენერალური დირექტორის, სერგეი მოკოგანის თქმით, გათბობის წლევანდელი სეზონი უკრაინის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება. 

მაკაგონის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის გაზსაცავებში 11 მილიარდი კუბური მეტი გაზი ინახება. გათბობის სეზონის დაწყებამდე ამ მაჩვენებლის 19 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაა გათვალისწინებული. მაკაგონის თქმით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გათბობის სეზონი უპრებლემოდ გაიაროს. 

უკრაინის პრემიერის, დენის შმიჰალის ცნობით, ამ დროისთვის გათბობის სეზონისთვის უკრაინა დაახლოებით 60%-ით არის მზად, ხოლო საცავების გაზით და ნახშირით მომარაგება კი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. 

 

მსგავსი სიახლეები