საუდის არაბეთი ისრაელთან მეგობრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ჰამასი 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას წამოიწყებდა, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ის უახლოვდება ებრაულ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას.

სამთვიანი ომის მიუხედავად, რომელსაც არაბულ სამყაროში აურზაური და 23000-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვა მოჰყვა, რიადი აცხადებს, რომ ისრაელის აღიარების საკითხი შესაძლებელია დღის წესრიგში კვლავ დადგეს. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაგრძელდება და „ამის განსახორციელებლად რეგიონში აშკარა ინტერესი არსებობს“.

გაერთიანებულ სამეფოში საუდის არაბეთის ელჩმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ურთიერთობების ნორმალიზების "აბსოლუტური ინტერესი არსებობს". გარდა ამისა, პრინცი ხალიდ ბინ ბანდარი აზუსტებს, რომ „ინტერესი 1982 წლიდან არის“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფასი, რომელსაც საუდის არაბეთი ნორმალიზაციის სანაცვლოდ მოითხოვს, ახლა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ღაზის ომამდე, რადგან რიადს აქვს მოლოდინი, რომ აშშ-სა და ისრაელისგან ახლა უფრო მეტი დათმობის მიღებაა შესაძლებელი.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „საუდის არაბეთის მთავრობა კვლავ ღიაა ნორმალიზაციისთვის იმ პირობით, თუ ისრაელი „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის“ საფუძვლის შესაქმნელად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ეს შესაძლებელია იყოს: ღაზის ბლოკადის სრული მოხსნა, პალესტინის ხელისუფლების უფლებამოსილების აღიარება ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ტერტიროებიდან გასვლა და ა.შ. ეს უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები და არა ცარიელი დაპირებები, რომელთაც ისრაელი ნორმალიზაციის პროცესის შემდეგ დაივიწყებს“.

პალესტინელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი აქვთ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების უმრავლესობამ პალესტინელთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, ისრაელის აღიარებაზე უარი განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისრაელის სხვა ოფიციალურმა პირებმა პალესტინის სახელმწიფოს შემნის პერსპექტივა არაერთხელ უარყვეს. გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას „არ სურს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა“.

2020 წელს ოთხმა არაბულმა ქვეყანამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა, ისრაელი „აბრაამის შეთანხმებით“ აღიარეს, რომელიც პალესტინელ არაბთა მოთხოვნას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ, გვერდს უვლის.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი იუსეფ ალ ოტაიბა, როგორც შეთანხმების ერთ-ერთი არქიტექტორი, "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის" სიცოცხლისუნარიანობას ხაზს უსვამს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ქვეყნის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში ე.წ. ორი სახელმწიფოს მოდელი უარყოფილი არ არის.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დადებული ხელშეკრულება „დაუყონებლივ აჩერებს ანექსიას (დასავლეთ სანაპიროზე) და ძალადობრივი ესკალაციის შესაძლებლობას. შეთანხმება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს, რაც მხარდაჭერილია არაბული ლიგისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.“ - იუსეფ ალ ოტაიბა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში რიადის ოფიციალური პოზიცია პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭრა იყო, უკანასკნელ წლებში (7 ოქტომბრის თავდასხმამდე) მის რიტორიკაში აღნიშნული მოთხოვნა აღარ ფიქსირდებოდა.

როდესაც საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს სექტემბერში ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის საჭირო მოთხოვნებთან დაკავშირებით Fox News-მა კითხვა დაუსვა, ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ „ისეთი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რომელიც პალესტინელების ცხოვრებას გაამარტივებს“.

ისრაელზე 7 ოქტომბრის შეტევისა და ღაზის დამანგრეველი ომის შედეგად, საუდის არაბეთი იძულებული გახდა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეეჩერებინა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ 14 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მოქალაქეების 96%-ის ხედვით, არაბულმა ქვეყნებმა ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების პროტესტის ნიშნად, დაუყონებლივ უნდა გაწყვიტონ დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. კავშირი ამ უკანასკნელთან.

„ღაზის ომის ფონზე საუდის არაბეთის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, რიადს პალესტინელებთან უფრო მნიშვნელოვან დათმობაზე, მათ შორის პალესტინის დროებითი სახელმწიფოს შექმნაზე, წასვლა მოუწევს - ფირას მაკსადი, „Middle East Institute“.

აშშ ვარაუდობს, რომ რეგიონში ისრაელის ინტეგრაციისთვის პალესტინელთა უფლებების უგულებელყოფა, შეუძლებელია. ნორმალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ვერ იქნება „პალესტინელებისთვის და პალესტინური სახელმწიფოსთვის ჰორიზონტის შემცვლელი“.

„მიუხედავად იმისა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზების კვლავ გვჯერა, ეს არ ხდება პალესტინელი ხალხის ხარჯზე. ისრაელთან ნორმალიზაციაზე შეთანხმებაში პალესტინელები წარმოადგენენ საკვანძო ელემენტს. ეს არ არის საუდის არაბეთ-ისრაელის სამშვიდობო გეგმა, ეს არის პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო გეგმა“, გაერთიანებულ სამეფოში საუდის არაბეთის ელჩი, პრინცი ხალიდი.

კითხვაზე, იქნება თუ არა ჰამასი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი, ელჩმა არ გამორიცხა ეს პერსპექტივა და თქვა, რომ ეს მოითხოვს "ბევრ ფიქრს, დიდ შრომას... ყოველთვის არის ადგილი ცვლილებისთვის, თუ ოპტიმიზმი და იმედი გაქვს".

საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმების შუამავლობა იქნება მთავარი საგარეო პოლიტიკის გამარჯვება წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების დადებას, ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის ფონზე, სიფრთხილით ეკიდება.

ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს. სპარსეთის ყურის სახელმწიფომ, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს როტაციულად თავმჯდომარეობდა, დეკემბერში ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიციის მქონე რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

აბუ-დაბის სურვილი, ომის დასრულება და დღის წესრიგში „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის“ დაბრუნებაა. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის“ გარეშე მოგვარების შემთხვევაში, გაერთიანებული საამიროები ღაზის აღმშენებლობის პროცესში „სრულფასოვან ინვესტიციას ვერ განახორციელებს. გაეროში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩის, ლანა ნუსეიბეჰის განცხადებით, „ეს არ არის ის ტრაექტორია, რასაც ჩვენ „აბრაამის ხელშეკრულებაში“ მოვაწერეთ ხელი“.

ანვარ გარგაშმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა, დუბაიში გამართულ კონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის აღიარებით „არაბეთის გაერთიანებულ საამიროებმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრძელვადიანია“.

 

მიმოხილვა მომზადებულია ნადეენ ებრაჰიმის (CNN) სტატიის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები