საუდის არაბეთი ლიბანში ელჩს აბრუნებს

საუდის არაბეთი ლიბანში ელჩს დააბრუნებს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.

ბეირუთში დესპანის დაბრუნების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც.

2021 წლის ოქტომბერში ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ჯორჯ კორდაჰიმ ერთ-ერთ ინტერვიუში საუდის არაბეთის იემენის ომში ჩართვა გააკრიტიკა.

კორდაჰის თქმით, აჯანყებული ჰუსიტები „საგარეო აგრესიის წინააღმდეგ იცავდნენ თავს“.

„საუდების კოალიციამ სახლები და სოფლები დაბომბა...იემენში ომი ფუჭი აღმოჩნდა“, - განაცხადა კორდაჰიმ.

ლიბანელი მაღალჩინოსნის განცხადებას საუდის არაბეთის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რომელიც მეზობელ იემენში სამხედრო კამპანიას 2015 წლის შემდეგ ახორციელებს.

ერ-რიადმა ბეირუთიდან ელჩი გამოიწვია და ლიბანურ საქონელს ემბარგო დაადო.

საუდის არაბეთს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმაც - ბაჰრეინმა, საამიროებმა და ქუვეითმა - მიბაძეს.

2021 წლის დეკემბერში კორდაჰი გადადგა, რამაც დიპლომატიური კრიზისის აღმოფხვრას გზა გაუხსნა.

ლიბანი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მწვავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, საუდების ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.

ბოლო წლების განმავლობაში ერ-რიადის გაღიზიანებას ლიბანში შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას გაძლიერებას მოჰყვა, რომელიც საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქის - ირანის - სატელიტია.

მსგავსი სიახლეები