საუდის არაბეთმა იემენში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც იემენის სამოქალაქო ომში იბრძვის, ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც 30 მარტიდან ამოქმედდება, მუსლიმურ სამყაროში რამადანის თვის დადგომას ემთხვევა.
პარალელურად, ერ-რიადში იემენის ომის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც სპარსეთის ყურის ქვეყნები და აშშ-ს და გაეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს აჯანყებული ჰუსიტების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
მიუხედავად ამისა, ჰუსიტებმა დროებით ზავსა და სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მზადყოფნა გამოაცხადეს.
საუდის არაბეთი რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად იემენის სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთო.
ერ-რიადი იემენის ხელისუფლებაში პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის დაბრუნებას ცდილობს, რომელსაც ქვეყნიდან გაქცევა ჰუსიტების იერიშის გამო მოუწია.
იემენის ომში შიიტური მიმდინარეობის ჰუსიტების მოკავშირედ ირანი მოიაზრება.
გასულ თვეებში ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმა გაახშირეს, რასაც კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა.