"საზ.მაუზე გარეჯის შესახებ საბჭოთა პასკვილი გავიდა" - კონტრარგუმენტები ბექა კობახიძესგან

ავტორი: ბექა კობახიძე
 
2021 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა საბჭოთა პასკვილის ხასიათის საგამოძიებო ფილმი „გარეჯის მთის სიმართლე“.
აქ იმდენი მსხვილკალიბრიანი ტყუილია ნათქვამი, იმდენი ფაქტია დამახინჯებული, ჭეშმარიტების დამდგენი იმდენი ფაქტია მიზანმიმართულად დამალული, რომ არ შემეძლო ვრცელი რეცენზია არ დამეწერა. არაფერი ვიცი ფილმის ავტორების შესახებ, ვინ არიან ქალბატონები ლია ტოკლიკაშვილი და მაია გოგოლაძე. ძალიან მინდა მათი ვინაობა უფრო ფართოდ გახდეს ცნობილი, ვიცნობდეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი უმსგავსობების კეთება შეუძლიათ.
 
გარდა ამისა, ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ამ ფილმის ტირაჟირებას საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია აკეთებს. ობიექტურად მქონდა განცდა, რომ დამთავრდებოდა ფილმი და დაიწყებოდა „ვრემია“.კარგად ნათქვამი ტყუილი ყოველთვის სიღრმისეულ პატარა დეტალებში იმალება, ისე რომ ადამიანებს გაგება გაუჭირდეთ. ამიტომ, მე მომიწია ამ სიღრმეებში ჩასვლა და ამ დეტალების გაშლა. შესაბამისად, ეს ტექსტი დიდიც არის და არც ადვილად იკითხება. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ტექსტი ყველამ ვერ დაძლიოს.
 
ფილმის ფაბულა არის ასეთი: 1996 წლიდან 2014 წლამდე ყველა ხელისუფლება, მთელი ვერტიკალი, დაწყებული დაბალი რანგის მოხელიდან დამთავრებული სახელმწიფოს მეთაურებამდე ყიდდნენ გარეჯს, ვერ მოასწრეს, არ ეყოთ 18 წელი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა ირაკლი ღარიბაშვილი და მამა კირიონთან ერთად იხსნა საქართველო კატასტროფისგან.
 
თქვენთან ერთად ვუყურებ ახლა ფილმს და მოდით წუთობრივად გავიაროთ შესაბამისი მონაკვეთები. პირველივე წუთზე ფილმი იწყება განცხადებით, რომ ავტორები ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ პოზიციას და, ამავე დროს, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ფილმში მოყვანილ ყველა ფაქტსა და მტკიცებულებაზე.ფილმის ყურებისა და ამ რეცენზიის კითხვისას კარგად დაინახავთ, რომ „საგამოძიებო ჟურნალისტიკის“ შინაარსი უკიდურესად პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. მეორე მხრივ, ძალიან კარგი თუ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებენ, რადგან ველი ამ რეცენზიაში გამოკვეთილ კითხვებზე მათ პასუხს. მეორე და მესამე წუთებზე საუბარია იმაზე, რომ ქართველი მესაზღვრეები ჩიჩხიტურზე ვერ ადიან.
 
მესმის ვითარების დრამატიზების სურვილი, მაგრამ ეს ტყუილია. ჩიჩხიტური არის სერზე, ქართულ მხარეს, იქ მომლოცველებს თავად ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ, თორემ მესაზღვრეებს არავინ უკრძალავს მისვლას. ქართველები ვერ მიდიან ჩიჩხიტურის კელიებამდე, რომელიც ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული და აზერბაიჯანელების კონტროლქვეშაა.
 
მეოთხე წუთზე ავტორები გვაცნობებენ, რომ რაღაც უნიკალურთან გვაქვს საქმე, დღემდე უცნობ მასალებზე დაყრდნობით გაკეთდა ფილმი „მივაკვლიეთ, მოვიძიეთ...“. ესეც ტყუილი. სპეციალისტებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ამ ფილმში წარმოდგენილი ერთი დოკუმენტიც არ არის ახალი. საერთოდ არაფერი.
მეხუთე წუთზე საუბარია იმაზე, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანულმა მხარემ შეზღუდა მომლოცველების და ბერების ქედს მიღმა გადასვლა. კელიების რესტავრაცია კი არის ნახსენები, მაგრამ ანტიაზერბაიჯანული სენტიმენტების გაღვივების პარალელურად, არ არის ახსნილი აზერბაიჯანული მხარის მოტივაციაზე. აზერბაიჯანი თვლის, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის საზღვარი გადიოდა გარეჯის ქედზე. ეს ორი სახელმწიფო შეთანხმებულია, რომ ურთიერთობისას იხელმძღვანელებენ საბჭოთა საზღვრებით. ასეთ ვითარებაში, ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კელიები და უდაბნოს მონასტერი ექცევა აზერბაიჯანულ მხარეს.
 
ეს ვითარება ჯერ ოფიციალურად არ არის შეთანხმებული, მაგრამ ასეთია ხედვა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი (განსაკუთრებით მამა ალიევის მმართველობის დროს) ანგარიშს უწევდა ქართული მხარის სენსიტიურ დამოკიდებულებას მონასტრებისადმი და ქედს გადაღმაც მეგობრულად უშვებდა ქართველ მომლოცველებს. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ თავზე ხელი უნდა აგვეღო და თვითნებურად მოქმედება დაგვეწყო? 2005 წელს ქართველმა ბერებმა, აზერბაიჯანელების დაუკითხავად, თვითნებური რეაბილიტაცია დაუწყეს ქედს გადაღმა მდებარე ჩიჩხიტურის კელიებს. ამან, ბუნებრივია, აზერბაიჯანელების განაწყენება და საპასუხო ქმედებები გამოიწვია.
 
ასე მაგალითად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე არის ოფრეთის ციხე და ეკლესია. იქ ქედი არა და მდინარე შულავერი ყოფს საზღვარს. ციხე არის სომხურ მხარეს, ეკლესია ქართულ მხარეს. სომხები რომ უნებართვოდ გადმოვიდნენ და ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყონ, მგონი გვექნება რაღაც რეაქცია, არა? ამიტომ, ამ საკითხს ხანდახან მეორე მხარის თვალითაც უნდა შევხედოთ.
 
ამ ფილმში ეს პროცესი წარმოდგენილია მხოლოდ იმ კუთხით, რომ აი, საზიზღარი აზერბაიჯანელები ჩვენს მონასტერში არ გვიშვებენ. მგონი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება ხალხის განათლებაა და არა უცოდინარი ფანატიზმის გაღვივება.
მეექვსე წუთზე ნათქვამია, რომ 2019 წელს გზა უდაბნოს მონასტრისკენ ისევ გადაიკეტა და ეს დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტთანო. არა ბატონებო, შეხვედრას კი არა (შეგიძლიათ გადაამოწმოთ), ეს დაემთხვა პრეზიდენტის გარეჯში ჩასვლას, კამერების წინ შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად გამოჩენას და იქიდან ალიევისადმი მიმართვას, რომ საზღვრის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, ის ვეღარ იცდისო.
 
გეგონება ატომური სახელმწიფო ვიყოთ და ალიევი, სალომე ზურაბიშვილის შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად დანახვაზე, შეშინდებოდა - თავზე არ გადამიარონო. ეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო უტაქტობა და მეორე მხარემ ეს აღიქვა დამცირების მცდელობად. შედეგად, უდაბნომდე მისასვლელი გზა დაიკეტა. რასაკვირველია, ამ უტაქტობაზე ფილმში არაფერია ნათქვამი.
 
მეშვიდე წუთიდან საუბარია იმაზე, რომ 1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ეხელმძღვანელათ 1938 წელს გავლებული სასაზღვრო ხაზით და რომ ეს შეთანხმება უფრო აწყობდა აზერბაიჯანს, ვიდრე საქართველოს, რადგან ამის ალტერნატივა იყო მხარეებს ეხელმძღვანელათ 1920 წლის 12 ივნისის საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით საქართველოს ბევრად მეტი ტერიტორია ეკუთვნოდა და რომელიც ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხსაც სადავოს ხდისო.
 
ეს არის კიდევ ერთი მავნებლობა, რომლის ტირაჟირება რადიკალიზმისკენ უბიძგებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში არსად (!) არ დამდგარა საბჭოთა დროს დადგენილი საზღვრები ეჭვქვეშ. განა იმიტომ რომ ყველას მოსწონს ეს საზღვრები, პრინციპში არც არავის მოსწონს, არამედ იმიტომ რომ არსებული საზღვრების არაღიარება გამოიწვევდა დაუსრულებელ ომებს ევროპისა და აზრიის კონტინენტებზე. მათ შორის, საქართველოც საომარ ვითარებაში აღმოჩნდებოდა თავის ყველა მეზობელთან. ჩვენ გვენდომებოდა ლორე, ზაქათალა, ართვინ-არდაგანი, ხოლო ჩვენს მეზობლებს აჭარა, ახალქალაქი და ა.შ.
 
ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა საზღვრების რევიზიას ცდილობს და ამ მცდელობათა ისტორიული არგუმენტებით „ლეგიტიმაციას“ ეწევა არის რუსეთი, ხოლო საქართველოს მხრიდან ნებისმიერი საბჭოთა საზღვრების რევიზია, ნებსით თუ უნებლიეთ, იქნებოდა რუსეთის თამაშის თამაში. ამიტომ, ასეთი ალტერნატივა, მადლობა ღმერთს, აზრად არავის მოსვლია, გარდა ფილმის ავტორებისა.
რატომ შეთანხმდნენ საზღვრები გაევლოთ 1938 წლის მდგომარეობით? ამაზე ბევრი აბდა-უბდაა ნათქვამი ფილმში, მაგრამ არა რეალობა: 1936 წლამდე საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი შედიოდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერეციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. ანუ, ფორმალურად, წარმოადგენდნენ ერთ სახელმწიფოს.
 
1936 წელს ეს ფედერაცია დაშალეს და, სამეურნეო მიზნებით, საჭირო გახდა საზღვრების გამიჯვნაზე შეთანხმება. ეს შეთანხმება მოხდა 1938 წლის მარტში, სადაც ნათქვამია, რომ ხაზი უნდა გავლებულიყო 1:500000 რუკის მიხედვით. მეცამეტე წუთიდან სრულიად ურცხვი ტყუილია ნათქვამი: კი გვაქვს 1938 წლის 1:500000-იანი, რუკა, მაგრამ მასზე სასაზღვრო ხაზის დადგენა ვერ ხერხდებაო. მე მაქვს ეს რუკა და ამ პოსტის სურათში სწორედ ის არის მოცემული, რომლითაც ძალიან თვალნათლივ დგინდება - საზღვარი გადის სერზე, კერძოდ კი მწვერვალ უდაბნოზე! რასაკვირველია, ფილმში ეს დამალეს და არავის უხსენებია.
უფრო მეტიც, კიდევ ერთი არანაკლები მასშტაბის ტყუილი: მეთორმეტე წუთიდან საუბარია, რომ 1938 წელს, თითქოს, საველე გამოკვლევების შედეგად შედგენილი 1:200000-იანი რუკის გამოყენებით საზღვრის გამიჯვნაზე შეთანხმდნენ და ამიტომ საქართველოსაც უნდა ესარგებლა ამ რუკითო.
 
ეს არის უბრალოდ ტყუილი. საველე გამოკვლევების შედეგად შედგენილი 1:200000-იანი რუკის გამოყენებაზე შეთანხმდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო არაფერ შუაშია. ჩემი არ გჯერათ? ფილმის ავტორებს ეს მომენტი გაეპარათ. დაბრუნდით 6:49 წუთზე, სადაც ეს დოკუმენტი აქვთ ეკრანზე გამოტენილი და სადაც ნათლად წერია ის, რასაც ვამბობ. შემდეგ ამ ტყუილს ფილმში არაერთხელ იმეორებენ, მთავარ არგუმენტად გამოყავთ.
 
კიდევ უფრო მეტი, როგორ მივედით 1938 წლის სასაზღვრო შეთანხმებამდე? როდის, როგორ და ვის მიერ განისაზღვრა სასაზღვრო ხაზი? ეს საკვანძო ეპიზოდი მთლიანად გამოტოვებულია ფილმში და გაკვრითაც არ არის ნახსენები. როგორ ზემოთ ვთქვი, 1936 წლამდე საქართველო და აზერბაიჯანი, ერთი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდნენ. 1929 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკ-მა) დაადგინა ფედერაციის სუბიექტთა საზღვრების დეტალური აღწერილობა. გარეჯის მონაკვეთზე ვკითხულობთ:
Спорную часть дачи ДавидоГареджинского монастыря площадью около 2.000 десятин считать принадлежащей Тифлисскому уезду ССРГ.
Об установлении границ от Давидо-Гареджинской дачи до р. Куры; Казахским АССР и Тифлисским ССРГ уездами границу по следующим местам: от кургана у перевала дороги Шихлы Караван-ел по этой дороге через курганы. отсюда по хребту. Удабно через тригонометрический пункт Удабно и далее по хребту Чичхитурисери через башню.
 
ანუ, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, სამწუხაროდ, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ქედზე გადის საზღვარი, პირდაპირ კოშკზე გადის საზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს რჩებოდა უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კელიები. არც ერთი (!) დოკუმენტი, ერთი ქაღალდის ნაგლეჯიც კი არ არსებობს, რომელიც საზღვრის ზემოხსენებული აღწერის ცვლილებაზე თუნდაც მიგვანიშნებდა. როგორ, საზღვარი შეიცვალა, გადაიწია და ამის შესახებ ერთი ფორმალური დოკუმენტიც არ შექმნილა? ამის შესახებ, თუნდაც ზეპირად, არც ქართული და არც აზერბაიჯანის კომპარტიების მხრიდან არაფერი თქმულა? ეს ვინმეს წარმოგიდგენიათ?უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე, 1938 წლის 1:500000-იან რუკაზეც მწვერვალ უდაბნოზე გადის საზღვარი და სწორედ ეს რუკაა 1938 წლის შეთანხმების შედეგად შექმნილი.
 
რატომ არაფერია ამის თაობაზე ფილმში ნათქვამი? რატომ ატყუებენ ადამიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანიდან? რატომ ცდილობენ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებას? ეს არის პატრიოტიზმი? 1:500000-იანი რუკით, მასშტაბის სიდიდის გამო, რასაკვირველია, შეუძლებელია საზღვრის ყველა მონაკვეთის დეტალურად დადგენა, მაგრამ ცალსახად და უდავოდ დგინდება ის, რომ 1938 წელს საზღვარი მწვერვალ უდაბნოსა და ქედზე გადის, ფილმისგან განსხვავებით, ეს პირდაპირ და არაორაზროვნად არის რუკაზე ნათქვამი.
ან სად ნახეთ და სად გაგიგიათ, რომელი მაგალითი იცით სახელმწიფოთა შორის საზღვარი გადიოდეს ქედზე და ის იყოს ქედის ძირში და არა სერზე? არც ამ კითხვას შეუწუხებია ფილმის ავტორები.
 
ისე, მაინც რომ ვიცოდეთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ოფიციალურ ბრალში ერთი სიტყვაც არ არის გარეჯზე ნათქვამი. ანუ, იმდენად მკაფიოა გარეჯზე ბრალდების იურიდიული აბსურდულობა, რომ საქმეში მასზე არაფერია ნახსენები. „გარეჯი საქართველოა!“ ეს საარჩევნო ლოზუნგია, ტელეიმედისთვის, ასეთი ფილმებისთვის, თქვენს მოსატყუებლად. ფილმი ამაზე კვლავ არაფერს ამბობს და საქმე ისე მიჰყავთ, გეგონება გარეჯის გარშემოა გამოძიება დაწყებული. გარეჯზე ბრალს ვერც ვერავის წაუყენებდნენ, რადგან საზღვრის ეს მონაკვეთი არც არავის შეუთანხმებია აზერბაიჯანულ მხარესთან. აქ სულ სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზეა საუბარი, მაგრამ თქვენ რომ კარგად „ავარდეთ“ ტელესივრცეში გარეჯს აფრიალებენ.
 
მეთვრამეტე წუთიდან კიდევ ერთი მსუყე ტყუილი: ფილმის ავტორები და კარტოგრაფი ბნ. გორდეზიანი აპელირებენ 2013 წელს გარდაცვილი კარტოგრაფის - ჯანო კეკელიას სახელით, აყალბებენ მის ნათქვამს და ამბობენ, რომ თითქოს განსვენებული მეცნიერი ომობდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ა.შ. სინამდვილეში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მან ინტერვიუ მისცა ჯაბა სამუშიას ჟურნალ „ისტორიანს“ (იხ. 2012 წლის ივნისის ნომერი), სადაც განაცხადა: „ისტორიულად ეს ჩვენი ტერიტორიაა. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ, მათ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა მოახდინეს. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვარი მათ დავითგარეჯის ტერიტორიაზე წყალგამყოფზე გაატარეს. ფერდობზე რაც იყო, დარჩა ჩვენთან. ჩიჩხიტური და უდაბნო კი - წყალგამყოფს მიღმა.“
 
უფრო მეტიც, მან 2006 წელს გამოსცა წიგნი „საქართველოს საზღვრების ისტორია“, სადაც წერდა: "დადგინდა საზღვარი გარეჯიდან მდ. მტკვრამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის ხაზი გატარდა შიხლიკარავანელის უღელტეხილზე გამავალი გზის პირას მდებარე ბორცვიდან, შემდეგ იგი გადიოდა ორ ბორცვზე; შემდეგ თვალსაჩინო წერტილიდან; გავლით და შემდგომ ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გამავალი მთავრდებოდა ბორცვზე“.
სინდისი საერთოდ არ გაქვთ? უდანაშაულო ცოცხალ ადამიანებს ერჩით, გავიგე, მიცვალებული მაინც დაასვენეთ!
ვინ არიან „ბრალმდებელ პროფესიონალებად“ მოხმობილი ხალხი ესოდენ „აპოლიტიკურ“ ფილმში? ბნ. სამუშია, რომლის ბიოგრაფია, თანამდებობები და პოლიტიკური პოზიცია ცნობილია.
 
ფილმში საყვედურია გამოთქმული (42-ე წუთი), რომ პროფესიონალებს არ იწვევდნენ კომისიაში სამუშაოდო და ამ ფონზე გამოდის აწ გარდაცვლილი ბნ. გიორგი ოთხმეზურის ვიდეო გამოსახულება, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ამ საქმით დაკავებული. ღმერთმა აცხონოს, მაგრამ „აპოლიტიკური“ ფილმის ავტორებმა განა არ იციან, რომ ოთხმეზურს ძალიან მკაფიო პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა?
იქვე არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - ბატონები ხორბალაძე, გორგოძე, მათთან დაახლოებული გორდეზიანი, მამა კირიონი. მოკლედ, ერთი მხარე, ერთი სამეგობრო.
 
მეოცე წუთიდან საუბარია იმაზე, რომ კომისიას 2014 წლამდე არ უძებნია და არ გამოუყენებია 2020 წელს „აღმოჩენილი“ 1:200000-იანი რუკა. ესეც ტყუილია. რამდენადაც ვიცი, ნატალია ილიჩოვას დაახლოებით 2000 წლიდან აქვს ეს რუკა. მან პირადად მოიპოვა და შეინახა, მაგრამ არ იყენებდა, როგორც კარტოგრაფიულად გამოუსადეგარს. მამა კირიონს არ მისცა ეს რუკაო, ნასაყვედურებია ფილმში. ვინმე ამიხსნის რატომ უნდა მიეცა ბერისთვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს რუკა?
 
კონკრეტულად 20:24 წუთზე ნათვამია საკვანძო ტყუილი, რომ თითქოს 1:200000-იანი რუკა აზერბაიჯანის მიერ არის აღიარებული. ამას ვრცლად მინდა რომ შევეხო: თუ აზერბაიჯანული მხარე არ აღიარებს ამ რუკას სამუშაო დოკუმენტად, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მასზე საუბარს?! თუ საზღვრის დამდგენ კომისიაში ვერ გამოვიყენებთ, ასეთ საგამოძიებო ფილმებსა და ტელეიმედის პასკვილებში შეიძლება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რუკაც ვაფრიალოთ, ვინ გვიშლის? თავად ფილმისა და „ბრალმდებელთა“ ჩვენებითაც, 2014 წლიდან მოყოლებული ხომ აქვს კომისიას ეს რუკა? გავიდა 7 წელი (!), რატომ არ შეუთანხმებია ხელისუფლებას აზერბაიჯანულ მხარესთან 1:200000-იანი რუკის გარშემო თანამშრომლობა? რატომ გვამცნეს 2020 წელს წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო მედიებმა, რომ „უცნობმა გმირმა“ დავით ხიდაშელმა მოიპოვა „აქამდე უცნობი“ რუკა, მაშინ როდესაც ეს რუკა კომისიას აქვს 2014 წლიდან? ემანდ წინასაარჩევნო სენსაციების ამბავი ხომ არ იყო?
საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი და საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ 2019 წლის მაისში ბაქოში შესთავაზეს აზერბაიჯანულ მხარეს ამ რუკის გარშემო თანამშრომლობა.
 
აზერბაიჯანელებმა ამაზე უარი განაცხადეს. რატომ არაფერი იყო ამის თაობაზე ფილმში ნათქვამი??? ბატონი მიქელაძე შერისხულია ასეთი განცხადების გამო და, ვინ იცის, შეიძლება მასაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაცვა დასჭირდეს ადრე თუ გვიან. თუ აზერბაიჯანი უარს გვეუბნება ამ რუკის აღიარებაზე, ამ ხალხს რატომ აქვს ბრალი წაყენებული??? კაი, დავანებოთ 2014 წელს თავი. რვა თვე ხომ გავიდა რაც საქმე აღძრეს? რანაირად ვერ მოხერხდა, რომ რვა თვის მანძილზე აზერბაიჯანელებისთვის კიდევ ერთხელ შეეთავაზებინათ ამ რუკის გარშემო თანამშრომლობა და ჩვენც მოგვესმინა მათი პასუხი? რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ხარვეზიან რუკას აზერბაიჯანი არ მიიღებს (მეტადრე მაშინ, როდესაც არც 1938 და არც 1996 წლების შეთანხმებები მას არ ახსენებენ), მაგრამ ეს რუკა აზერბაიჯანელებთან სალაპარაკოდ არ არის წინ წამოწეული. მიზანია თქვენი გაგიჟება, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია და სხვა მანკიერი ოინები.
 
კარგით, დავუშვათ 1:200000-იანი რუკაა ერთადერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სრულიად უხარვეზო რამ არის, რომელსაც წინა გამყიდველი ხელისუფლებები და საჯარო მოხელეები არ იყენებდნენ. ახლა ხომ ვართ „საიმედო ხელში“? რატომ არ აკეთებს მთავრობა აზერბაიჯანთან წინა სასაზღვრო მოლაპარაკებების დეზავუირებას და რატომ ტოვებს ძალაში 1:100000-იანი რუკით მოლაპარაკებულ საზღვრებს? რა გამოდის, რომ ახლანდელი მთავრობაცა და პარლამენტიც დამნაშავეა? მათივე ლოგიკით, სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.
 
22-ე წუთიდან საუბარია იმაზე თუ რა დამატებით ტერიტორიებს მოიპოვებდა საქართველო თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სახელმძღვანელო გახდებოდა 1:200000-იანი რუკა. აქ ჩამოთვლილია რიგი სასაზღვრო მონაკვეთები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რას დავკარგავდით, მათ შორის წითელი ხიდის მონაკვეთში. აქ უკვე ვეღარ ვგებულობ, ეს ფილმი შოთაძის გაკეთებულია თუ ჟურნალისტის, რადგან ის ერთი ერთზე იმეორებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ ინფორმაციას.
 
25-ე წუთზე ნათქვამია, რომ თუ ვინმე შეადარებდა 1938 წლის რუკებს 1942 წლის 1:100000-იან რუკასთან, აშკარა გახდებოდა, რომ 1942 წლის რუკით წამგებიან მდგომარეობაში იყო საქართველოო. კიდევ ერთხელ ჩახედეთ ამ პოსტის სურათს, რომელზეც 1938 წლის 1:500000-იანი რუკაა გამოსახული. როგორც 1938 წლის 1:500000-იან, ისე 1942 წლის 1:100000-იან რუკებზე გარეჯის მონაკვეთზე საზღვარი გადის სერზე, მწვერვალ უდაბნოზე. მე არა, საკუთარ თვალებს დაუჯერეთ. სხვა ინფორმაციას იძლევა მხოლოდ 1:200000-იანი ხარვეზიანი რუკა, რომლის გარშემო აზერბაიჯანი არ თანამშრომლობს და რომელზე სწორებას არც ერთი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი არ აკეთებს. ესე იგი, ყველა რუკა მცდარია, ყველა ადამიანი მოღალატეა, ერთადერთი 1:200000-იანი რუკაა ჭეშმარიტი და მისი მქადაგებელი არის ღარიბაშვილი, კირიონი, ხორბალაძე, გორგოძე? კარგით, ჩვენ დავუშვათ დავიჯერეთ ეს, მაგრამ ამით საზღვარი ხომ არ შეიცვლება? ეს აზერბაიჯანელებმაც უნდა დაიჯერონ და რომ არ გამოვა ეს ამბავი? თქვენია ხელისუფლებაც, თქვენია რუკაც და თქვენია მამა კირიონიც. თუ ამ საქმიდან რამე გამოვა ამ პოსტზე დიდ ბოდიშს დავწერ, მაგრამ რომ არ გამოვა, ივერი მელაშვილს ვინ აუნაზღაურებს ამხელა მორალურ შეურაცხყოფას?
 
27-ე წუთიდან ჩამოთვლილი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც 90-იანი წლებიდან მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისინი ლამის მოღალატეებად ან სულ მინიმუმ სულელებად არიან გამოცხადებულები. ეს იმის გამო, რომ 1:200000-იან რუკას არ იყენებდნენ, ხოლო მეორე - „გმირთა“ მხარეს არიან მამა კირიონი, ბატონი ხორბალაძე და ბატონი გორგოძე. საგამოძიებო ჟურნალისტებმა არც ერთი „ბრალდებული“ არ ჩაწერეს, მაგრამ ჩაწერეს „ბრალმდებლები“. განსაკუთრებით მწვავედ მიადგნენ ქართველ დიპლომატ მალხაზ მიქელაძეს და ამაზე ზემოთ უკვე ითქვა თუ რატომ. შესაძლოა, ზოგიერთმა საჯარო მოხელე „ბრალდებულმა“ თავად თქვა უარი ინტერვიუზე, რადგან ძალიან ცხადია, რომ მათ საჯაროდ სიმართლის საუბარს არ აპატიებენ, მაგრამ დიდი რიხითა და წელში გამართული საუბრობენ ასევე საჯარო მოხელეები - ხორბალაძე და გორგოძე. ხვდებით ხომ როგორი „აპოლიტიკურია“ ეს ყველაფერი?
 
31-ე წუთიდან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ამბობენ, რომ რუკა არ გამოიყენა კომისიამ, რადგან რუკა იყო უვარგისიო. ამ არგუმენტის გასაბათილებლად, ფილმის ავტორები გვეუბნებიან, რომ რუკებს კალკა დავადეთ და რამდენიმე წერტილი დაემთხვაო: )))) თან, რატომღაც, მათივე განცხადებით, სულ სხვა რუკას დაადეს კალკა. აქ სიტყვაც არ ახსენეს იმაზე, რომ კარგოგრაფმა ირაკლი უგულავამ ჯიპიესების გამოყენებით ჩაატარა ექსპერტიზა და რუკას რეალურ წერტილებთან ნახევარ კილომეტრამდე აცდენა ჰქონდა. უფრო მეტიც, უკვე რვა თვე გავიდა, რაც ეს ამბავი დაიწყო და დღემდე გამოძიებას ექსპერტიზისთვის არ უკითხავს ვარგისია თუ არა რუკა! რატომ??? გამოძიებამ ექსპერტიზას ჰკითხა, იყო თუ არა აცდენა 1:100000-იან და 1:200000-იან რუკებს შორის და რასაკვირველია იყო, რადგან 1:200000-იანი რუკა ხარვეზიანია. რატომ ვერ ვეღირსეთ გამოძიებისგან და ექსპერტიზისგან იმის ოფიციალურად დადგენას, ვარგისია თუ არა ეს რუკა? იმიტომ ხომ არა, რომ მისი უვარგისობა ძალიან მკაფიოა?
 
34-ე წუთიდან ვრცელი სიუჟეტი მოდის, თავისი ინტერვიუებითა და საბჭოთა წარსულის ფეტიშით, იმის თაობაზე, რომ გარეჯი ქართული კულტურის ნაწილია და საბჭოთა დროს გადასვლა-გადმოსვლა პრობლემა არ იყო. კაი ერთი, იმ დროს სოჭშიც დადიოდით ნაყინის საჭმელად. ვინმე კამათობს, რომ გარეჯი ქართული კულტურის ნაწილია? ან რომ საბჭოთა სახელმწიფოს დროს გარეჯზე წვდომა შეზღუდული არ იყო?
ფილმის სცენარის ბოლო ნაწილი კი, ცოტა არ იყოს, ბერი ნიკოლოზის მრევლის დაწერილს ჰგავს, ოღონდ აქ კირიონია ნიკოლოზის როლში. ჩამოთვლილი არიან ივერი მელაშვილიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, მინისტრები, მოადგილეები, პარლამენტი და ოცნებამდე ყველა მთავრობიდან ვინ აღარ, რომ ეს ხალხი ყიდდა გარეჯს, ვიღუპებოდით, სანამ 2014 წელს ამ საქმეს მამა კირიონმა არ მოჰკიდა ხელი. ეს ნარატივი, ერთი შეხედვით, მხატვრული ფილმის სიუჟეტს ჰგავს ან ჟანა დ’არკის ისტორიას, მაგრამ არა, ეს კარგად გათვლილი უმსგავსობაა.
 
საზოგადოებაში, სადაც „გარეჯი საქართველოა!“ წინასაარჩევნოდ მუშაობს, სადაც პოლიტიკოსებისადმი მაღალი უნდობლობაა, ხოლო ეკლესიას 90%-ზე მაღალი ნდობა აქვს, უმჯობესია სასულიერო პირი დაიყენო სახედ და არა მაგალითად ქართული ოცნება, რომ ამ ყველაფრის ავტორი ღვითკურთხეული ბერია. კირიონი სდებს ბრალს წინა ხელისუფლებებს, თორემ აბა ოცნება რა შუაშია?! თან ფილმი რომ „აპოლიტიკურია“, ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს...
 
 

მსგავსი სიახლეები