СБУ: რუსეთი მედვედჩუკის დნესტრისპირეთში გადაყვანას გეგმავდა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ივან ბაკანოვმა პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების ოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსულ FSB-ს მედვედჩუკის დნესტრისპირეთში გაყვანა, იქედან კი მოსკოვში გაგზავნა სურდა.

უკრაინულმა სპეცსამსახურმა პრორუსი დეპუტატი კიევის რეგიონიდან გასვლის მცდელობისას დააკავა.

"ეს ნამდვილად რთული და საშიში ოპერაცია იყო, რომელიც ომის პირობებში ერთი თვე გრძელდებოდა. პრეზიდენტმა დაგვისახა დავალება და ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ მის შესასრულებლად. ბატონი მედვედჩუკი ვიპოვეთ. ძალიან დიდი ანალიტიკური და ოპერატიული სამუშაო გავწიეთ, რაც წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ბაკანოვმა.

მისი თქმით, მედვედჩუკის გაყვანის ოპერაციაში ჩართული იყვნენ კრიმინალური სამყარო და სამართალდამცავი უწყებების კორუმპირებული წარმომადგენლები.

პრო-რუსი დეპუტატის გაყვანას რუსული სპეცსამსახურის, FSB-ს ჯგუფი გეგმავდა. უკრაინის კონტრდაზვერვამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა და დაადგინა ზუსტი ადგილი, საიდანაც მისი ევაკუაცია იგეგმებოდა.

ბაკანოვმა აღნიშნა, რომ ვიქტორ მედვედჩუკის დაკავება არის სიგნალი უკრაინის ყველა მოღალატისთვის, რომ სასჯელს ვერავინ გადაურჩება.

 
 
 
 

მსგავსი სიახლეები