სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს - Bloomberg
სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან გაზის კავშირების გაფართოებას, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ ინფორმაციას Bloomberg 16 დეკემბერს ავრცელებს.
სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება.
მისი თქმით, სერბეთი "ასობით მილიონი ევროს ღირებულების" პროექტებს განახორციელებს გაზის ისეთი ქვეყნებიდან შესაძენად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ასევე საბერძნეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან დასაკავშირებლად.
გარდა ამისა, სერბეთი მონაწილეობს ბულგარეთთან 93 მილიონი ევროს ღირებულების ინტერკონექტორის მშენებლობაში, რომელიც ქვეყანას ცენტრალური აზიიდან და ხმელთაშუა ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებიდან გაზის იმპორტის საშუალებას მისცემს.
ჯედოვიჩის თქმით, სერბეთი კავშირებს რუსულ გაზპრომთანაც შეინარჩუნებს.