სერბეთი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხელახლა შემოღებას გეგმავს
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის, განცხადებით, ბალკანეთის რეგიონსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, დღის წესრიგში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხელახლა შემოღების საკითხი დგას.
„ჩვენ არავის ვემუქრებით. დღესდღეობით თუ არ გყავს ძლიერი არმია, არ გაქვს სახელმწიფო“, - ალექსანდრ ვუჩიჩი.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენაზე მუშაობა. ასევე, უცნობია აღდგენის შემთხვევაში, სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობაც.
“სერბეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, უფრო ეფექტური დაკომპლექტებისა და აქტიური სარეზერვო დანაყოფების უკეთ მომზადების მიზნით, სერბეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სერბეთის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდარ ვუჩიჩს სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა შესთავაზეს. სერბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინადადებას წინ უძღოდა სერბეთის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების დეტალური განხილვა და სიღრმისეული ანალიზი“, - სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
სერბეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს გაუქმდა, თუმცა, მის აუცილებლობასთან დაკავშირებით წარმოებულმა ხანგრძლივმა კამპანიამ, დღის წესრიგში მისი აღდგენის საკითხი დააყენა.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ფორმალურად ნეიტრალური სახელმწიფოა, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან, რომლისგანაც ის იარაღს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავებსა და ტანკებს ყიდულობს. ამავდროულად, ბელგრადს მეგობრული ურთიერთობა აქვს NATO-სთან, რომლის სამშვიდობო ძალებიც 1999 წლიდან იმყოფებიან კოსოვოში.
სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული დაძაბულობის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე მუდმივად არსებობს. კოსოვოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, სერბეთი ამ დრომდე არ აღიარებს. ევროპის კავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები 2011 წლიდან მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა, ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სერბეთ-კოსოვოს გარდა, ბალკანეთის რეგიონში დაძაბულობის კიდევ ერთ სერიოზულ კერას ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული სერბული რესპუბლიკა სრპსკა წარმოადგენს, რომლის ლიდერიც, მილორად დოდიკი სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გასვლასა და სერბეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს.