სერბეთის მთავრობა "მაიდნის" აღკვეთისა და რუსეთის დახმარების შესახებ იუწყება

სერბეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაწყებული საპროტესტო აქციები 24 დეკემბერს ბელგრადში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. 

ქვეყნის პრეზიდენტმა სამთავრობო შენობების შტურმის მცდელობის შესახებ განაცხადა, ხოლო პრემიერმა ანა ბრნაბიჩმა მიმდინარე მოვლენები უკრაინულ მაიდანს შეადარა, რომლის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. 

საპროტესტო აქციები სერბეთში 17 დეკემბრის გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელზეც ვუჩიჩის პარტიამ აბსოლიტური უმრავლესობა მოიპოვა - გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას კოალიციის ჩამოყალიბებაც არ ჭირდება. 

ოპოზიციურმა კოალიციამ მთავრობა ბელგრადში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და დედაქალაქში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამოაცხადა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ვუჩიჩის პარტიას არჩევნებზე არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. 

24 დეკემბრის საპროტესტო აქცია ბელგრადის მერიის შენობასთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას შეეცადნენ, რათა დემონსტრანტებისთვის აივნიდან მიემართათ. პოლიციის უარის შემდეგ, შეკრებილმა დემონსტრანტებმა შენობას კვერცხები დაუშინეს, "ვუჩიჩი იგივე პუტინია",- სკანდირებდნენ უკმაყოფილოები. 

პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 38 ადამიანი, მათ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაზიანებები მიიღო 8 პოლიციელმა. 

შეტაკებებიდან მალევე გამართულ სატელევიზიო მიმართვაში ვუჩიჩმა განვითარებულ მოვლენებს "ძალაუფლების ძალადობრივი მიტაცების მცდელობად" შეაფასა და კონკრეტიკის გარეშე თქვა, რომ მათი მონაცემებით "პროვოკაცია" დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. 

პრემიერ, ანა ბრნაბიჩის თქმით, მოსალოდნელი არეულობების შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებმა მთავრობა ჯერ კიდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააფრთხილეს.

კონტექსტი

სერბეთი, რომელსაც რუსეთთან ისტორიულად კარგი ურთიერთობები აქვს და უკვე წლებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბლოკისგან განსხვავებული მიდგომა დაიკავა. სერბეთი პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

სერბეთის ხელისუფლების გზავნილები იმეორებს რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას, მეზობელ სახელმწიფოებში არასასურველი საპროტესტო მოძრაობების დროს. 

 

 

მსგავსი სიახლეები