სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების გაყალბებას კვლავ აპროტესტებენ
სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელზეც მათ მმართველი ძალა გასული წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეები 17 დეკემბრის კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტია“ ბრალდებებს უარყოფს.
საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა და კენჭისყრის მიმდინარეობისას სერიოზული დარღვევები, მათ შორის ყუთების ჩაყრა და ხმების მოსყიდვა, დაფიქსირდა.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნები „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო“, თუმცა „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".
„კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრის პროგრამის დირექტორი, რასა ნედელიკოვი აცხადებს, რომ 17 დეკემბრის არჩევნების მიმდინარეობისას CRTA-მ ანტიკორუფციულ სააგენტოში, ელექტრონული მედიის მარეგულირებელ ორგანოში და სხვა ინსტიტუტებში, ბევრად უფრო მეტი საჩივარი შეიტანა, ვიდრე გასულ წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში - "ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თუ რამდენად დრამატულია ყველაფერი ადრინდელთან შედარებით".
კონტექსტი
17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ სროლებს ჯამში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, სახელწოდებით - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, მოიცვა. საბოლოოდ, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი იძულებული გახდა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.
17 დეკემბრის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგად, 250 წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია - 128;
ოპოზიციური კოალიცია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – 65;
„სერბეთის სოციალისტური პარტია“ + „გაერთიანებული სერბეთი“ + „სერბეთის მწვანეები“ – 18;
„ეროვნული დემოკრატიული ალტერნატივა - NADA” – 13;
„ჩვენ - ხალხის ხმა“ – 13;
„ვოევოდინელ უნგრელთა ალიანსი“ – 6;
“სამართლიანობის და შერიგების პარტია“ + „ვოევოდინელი ხორვატების დემოკრატიული ალიანსი“ – 3;
„სანჯაყის დემოკრატიული ქმედების პარტია“ – 2;
„პრიშევოს ხეობის ალბანელთა კოალიცია“ – 1;
„რუსული პარტია“ + „იუგოსლავიის ახალი კომუნისტური პარტია“ – 1.
„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.
ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძალაუფლების განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლა, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრა, ოპონენტების დევნა, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება და ა.შ. დაიწყო, რის გამოც სერბეთი ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ მოიცვა.