სერბეთმა რუსეთთან გაზზე სამწლიან შეთანხებას მიაღწია
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ტელეკომპანია Pink-თან ინტერვიუში კვირას განაცხადა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ვუჩიჩის თქმით, სერბეთსა და რუსეთს შორის არსებული 10 წლიანი შეთანხმება ამოიწურა და ამიტომ დადგა ახალი ხელშეკრულების დადების საჭიროება.
"ეს არის ყველაზე დაბალი ფასი მთელ ევროპაში. ის, რაზეც შევთანხმდით პუტინი და მე, ძალიან მომგებიანია სერბეთისთვის და ამიტომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი სხვა სამწლიან კონტრაქტს", - განაცხადა ვუჩიჩმა.
კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სერბეთის პრეზიდენტმა ბალკანური ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ისაუბრეს. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ სერბეთისთვის გაზის შეუფერხებლად მიწოდებაზე.
სერბეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ არის.
ბალკანური სახელმწიფო სრულად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას და დაგმო რუსეთს აგრესია უკრაინაში, აგრესორს სანქციები არ დაუწესა.