შაპსი: ჩინეთი უკვე აწვდის ან ემზადება რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადასაცემად

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთი უკვე აწვდის ან ჯერ კიდევ ემზადება რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების გადასაცემად. 

გრანტ შაპსი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჩინეთის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო. 

ბრიტანელი მაღალჩინოსნის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

შაპსმა ამის შესახებ ლონდონში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვას აქვთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლეტალური შეიარაღება უკვე მიეწოდება ან მიმდინარეობს მზაობა მის გადასაცემად - "ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა",- თქვა შაპსმა. 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა ყურადღება გაამახვილა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 64%-ით არის გაზრდილი - "ისინი ერთმანეთის ზურგს ფარავენ."

ჩინეთის საელჩოს ლონდონში შაფსის სიტყვებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

გასულ თვეებში ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთს დრონებით, სარაკეტო დეტალებით, სატელიტური ფოტოებითა და მანქანა-დანადგარებით ეხმარება. 

თავის მხრივ ჩინეთი შეიარაღების გადაცემის ბრლადებებს უარყოფს - "ჩვენ არ შეგვიქმნია და არ ვართ უკრაინული კრიზისის მონაწილეები",- ნათქვამია აშშ-ში ჩინეთის საელჩოს აპრილის განცხადებაში. 

კონტექსტი 

გასულ კვირას ვლადიმირ პუტინი 3-დღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, ეს იყო მისი პირველი საგარეო ვიზიტი მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ და ჯამურად 44-ე შეხვედრა სი ძინფინგთან. 

პუტინის დელეგაციაში იმყოფებოდა რუსეთის მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით, მათ შორის თავდაცვის ახალი მინისტრი, ანდრე ბელოუსოვი და მისი წინამორბედი, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნილი სერგეი შოიგუც. 

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ერა იწყებოდა. გავრცელდა რამდენიმე ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც ჩინეთის და რუსეთის პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს თითქმის ყველაფერში - ნატოს "აგრესიული" ბუნების, ტაივანისა და უკრაინის საკითხზეც.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ჩინეთში ვიზიტით მყოფმა პუტინმა სისთან ერთად "ულიმიტო მეგობრობის ერის" დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები