შეტაკება ყარაბაღში: დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი და ორი სომეხი ჯარისკაცი

ოთხშაბათს დილით მთიან ყარაბაღში მომხდარი შეტაკებების შედეგად დადასტურდა ერთი აზერბაიჯანელი და ორი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვა. გარდა ამისა, დაიჭრა სულ მცირე 14 სომეხი სამხედრო.

მთიანი ყარაბაღის არმიის ოფიციალური განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ჯარებმა ნაღმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. აზერბაიჯანულმა მედიამ ასევე სომხურ პოზიციაზე უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის ამსახველი კადრები გაავრცელა.

რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში ამ დრომდე დუმდა, თუმცა მთიანი ყარაბაღის არმიამ განაცხადა, რომ სამშვიდობოებთან ერთად "მიიღება ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის".

ოთხშაბათს საღამოს მთიანმა ყარაბაღმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რადგან შეტაკებები გრძელდება.

ბაქომ ასევე მცირე ინფორმაცია გაავრცელა მიმდინარე ბრძოლების შესახებ. დილით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაჩინთან გამთენიისას 18 წლის ჯარისკაცი მოკლეს.

სამშაბათს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, მათთვის "უახლოეს მომავალში" გადაცემა მოითხოვა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, ადგენს, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება, სანამ არ აშენდება ახალი გზა, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანს გადაეცემა.

თუმცა, ახალი გზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები