შმიგალი: 2024 წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობისთვის მზად უნდა ვიყოთ

"უკრაინა წარმატებით ასრულებს ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციას, ევროინტეგრაციის შესახებ"- ეს განცხადება, 2 თებერვალს, კიევში, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

"ევროკომისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს უკრაინის ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ველით, რომ გაზაფხულზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ოფიციალურ დასკვნებს პროგრესის შესახებ, ხოლო 2023 წლის ბოლოს ევროპულ საბჭოს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე რეკომენდაციას მისცემს,"- განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, გაზაფხულზე "ზეპირი შეფასებით" გასაგები გახდება, დაასრულა თუ არა უკრაინამ შვიდი პუნქტის შესრულება და "შეიძლება ზაფხულში მომავალი მოლაპარაკებების 35 სექციის ანალიზზე იმუშაოს."

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი "დისკუსიის ნაწილი იქნება" და ამას "შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს."

"როდესაც მე ვამბობ, რომ უკრაინას აქვს ამბიცია ორ წელიწადში მზად იყოს ... [ევროკავშირში შესვლისთვის], ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მაგიდაზე დავუდოთ ევროაკვშირის წევრობისთვის შესრულებული ყველა პირობა." - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა დასძინა, რომ 2023 წლის განმავლობაში უკრაინას "აქვს ამბიცია გადადგას ყველა ნაბიჯი გაწევრიანების შესახებ, პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დასაყენებლად."

"ჩვენ გვინდა, რომ წლის ბოლომდე მზად ვიყოთ მოლაპარაკებებისთვის და მომავალი წლის ბოლომდე წევრობისთვის ვიყოთ მზად." - შეაჯამა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ევროკომისიის დელეგაცია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გუშინ კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ჩავიდა, რომელიც 3 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები