შმიგალი: უკრაინამ ამერიკისგან 1.3 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ 1.3 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო შეერთებული შტატებისგან, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ მან Twitter-ზე 29 ივნისს საღამოს დაწერა.
"მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. სანქციები, იარაღი და ფინანსები აახლოებს უკრაინის გამარჯვებას. ჩვენ ახლახან მივიღეთ 1.3 მილიარდი დოლარის გრანტი, რომელიც 7.5 მილიარდი დოლარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების პაკეტის ნაწილია", - წერს შმიგალი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, რომლის მექანიზმითაც განხორციელდა ტრანსფერი და მის პრეზიდენტს დევიდ მალპასს სწრაფი გადაწყვეტილებებისთვის.
8 ივნისს აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ 40 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტიდან პირველი მილიარდი უკვე მიიღო უკრაინამ "და კიდევ 7.5 მილიარდი დოლარის დახმარება გზაშია".