შმიგალი: უკრაინის ისტორიაში ყველაზე რთული თესვის კამპანია წარმატებული იყო
უკრაინაში თესვის კამპანია, მიუხედავად უპრეცედენტო გამოწვევებისა, წარმატებით ჩატარდა, მთავრობა იწყებს მზადებას ახალი მოსავლის შეგროვებისა და შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ 8 ივნისს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, გასული წლის ფართობების 75%-ის დათესვა მოხერხდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 5-7-9%-იანი შეღავათიანი სესხის პროგრამის ფარგლებში ბანკებმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად 38.5 მილიარდი გრივნა გასცეს, აქედან - 24 მილიარდი გრივნა სახელმწიფო პორტფელის გარანტიების პროგრამით.
"ახლა ვიწყებთ მოსავლის აღებისთვის მზადებას და გვესმის, რა ძირითადი გამოწვევები დგას ფერმერების წინაშე", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
უპირველეს ყოვლისა, მან მოსავლის ექსპორტის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდის ზომებზე. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, ჩვენ გვაქვს 23.5 მილიონი ტონა მარცვლეული და ზეთი", - წერს შმიჰალი.
მეორეც, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალი მოსავლის შენარჩუნება. აგრარული პოლიტიკის სამინისტრო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განიხილავს მობილური საცავის მოწყობის შესაძლებლობას. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გაზარდოს შენახვის მოცულობა 10-15 მილიონი ტონით.
მესამე გამოწვევა შმიგალის თქმით, ფერმერებისთვის საწვავის მიწოდებაა. მან შესაბამის სამინისტროებს და სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციებს დაავალა მოსავლის აღების სეზონისთვის საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი უზრუნველყონ.