შმიგალი: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში გერმანიისგან ლიდერობას ველით

კიევი ბერლინს მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდას სთხოვს. შესაბამისი მოწოდება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბელვიუს სასახლეში შეხვედრისას გააჟღერა.

"ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ MARS II-მ და თვითმავალმა ჰაუბიცამ Panzerhaubitze 2000-მა, რომლებიც გერმანიამ გადმოგვცა, დადებითი როლი ითამაშეს ბრძოლის ველზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მძიმე იარაღის მიწოდებას გაზრდით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გარდა ამისა, შემოდგომაზე მოსალოდნელია გერმანული წარმოების IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადმოცემა, აღნიშნა შმიგალმა. "ჩვენ ველით, რომ გერმანია გახდება ერთ-ერთი ლიდერი" უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში.

შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ შმიგალი სამხედრო პატივით მიიღო გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრ სვენია შულცეს ესაუბრა. მან გერმანიას მადლობა გადაუხადა დაპირებული 200 მილიონი ევროს დახმარებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. გაეროს შეფასებით, საუბარია თითქმის რვა მილიონ ადამიანზე.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის "განთავისუფლებულ რეგიონებში" რეკონსტრუქცია "რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს". შულცე, თავის მხრივ, უკრაინულ მხარეს რეფორმების გზაზე მხარდაჭერას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები