შოლცი: გერმანია მზად არის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს
ბერლინი მზადაა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ გერმანიის მონაწილეობაზე კონფლიქტში ან ავტომატურ სამხედრო დახმარებაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში დებატებისას განაცხადა, იუწყება Sueddeutsche Zeitung.
რა სახის გარანტიებია ეს - შოლცმა არ დააკონკრეტა. მან აღნიშნა, რომ ახლა ეს საკითხი უკრაინასა და G7-ის ქვეყნებთან განიხილება.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ისეთი ვალდებულებები, როგორიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლშია გათვალისწინებული, რომელიც ითვალისწინებს, რომ ალიანსის ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს წევრ ქვეყანას მასზე თავდასხმის შემთხვევაში.
შოლცმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია "უაღრესად ეფექტური სანქციების" გამოყენება, რომლებიც რუსეთს დაუწესა ევროკავშირმა, აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ბუნდესტაგში დებატები გერმანიაში ენერგეტიკულ კრიზისს მიეძღვნა. რუსეთის ფედერაციიდან მიწოდების შემცირებისა და საწვავის გაძვირების ფონზე დეპუტატებმა ქვეყანაში ბირთვულ ენეგიაზე უარის თქმის მიზანშეწონილობა განიხილეს.
როდესაც შტეფენ კოტრეტმა, ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრმა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უსარგებლო უწოდა და მოითხოვა "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვება, შოლცმა მის პარტიას (AfD-ს) "რუსეთის ნამდვილი პარტია" უწოდა.
კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია ემზადება მთლიანად თქვას უარი რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.