შოლცი იმედოვნებს, რომ შვეიცარია სხვა ქვეყნებს უკრაინაში იარაღის რეექსპორტის უფლებას მისცემს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ შვეიცარია მესამე ქვეყნებს შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინაში რეექსპორტის უფლებას მისცემს. ამის შესახებ მან 18 აპრილს, შვეიცარიის პრეზიდენტ ალენ ბერსეტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალით მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ იყო რამდენიმე მოთხოვნა გერმანიიდან (რეექსპორტზე - რედ.). ჩვენ ყურადღებით, ცვლილებების იმედით ვაკვირდებით შვეიცარიაში მიმდინარე დებატებს," - თქვა მან.
ბერსეტმა განაცხადა, რომ შვეიცარია ნეიტრალური დარჩება და უკრაინაში იარაღის რეექსპორტს არ დაუშვებს.
კიევისა და მისი მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავად, შვეიცარია ჯერჯერობით უარს ამბობს შვეიცარიული წარმოების იარაღისა და საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტზე. ბერნმა ამ ტიპის მოთხოვნებზე უარი გერმანიას, ესპანეთსა და დანიას უთხრა.
თუმცა, შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, რეექსპორტის საკითხმა ქვეყანაში მწვავე დებატები გამოიწვია. ამ წესების შემსუბუქებისკენ მიმართული რამდენიმე ინიციატივა ამჟამად შვეიცარიის პარლამენტში განიხილება.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე შესაძლოა შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე მიიღონ, რომელის ჩატარებასაც სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.