შოლცი: მთავრობის ფორმირებას მწვანეებთან ერთად ვგეგმავთ

გერმანელი სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სამთავრობო კოალიციის მწვანეთა პარტიასთან ერთად ფორმირება სურს.

“მე ქვეყნის მწვანეებთან ერთად მართვას ვისურვებდი”, - თქვა ოლაფ შოლცმა Tagesspiegel-თან საუბრისას.

კანცლერობის კანდიდატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს “განსხვავებული მიზნები აქვთ,” კონკრეტულ საკითხებზე მათი აზრები ხშირად ემთხვევა.

ასეთი საკითხებია გერმანიაში მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდა, განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა და ასე შემდეგ.

ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიები მხარს უნდა უჭერდნენ ნატოს წევრობას, რასაც "მემარცხენე პარტია" ეწინააღმდეგება. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, გერმანელ სოციალ-დემოკრატებს მოსახლეობის 25% უჭერს მხარს, მწვანეებს კი - 17%. შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის მესამე პარტია იქნება საჭირო.

ახალი კოალიციის პარტნიორები შესაძლოა ლიბერალი თავისუფალი დემოკრატები იყვნენ, რომლებსაც ბოლო კვლევებით, მოსახლეობის 12% უჭერთ მხარს ან "მემარცხენე პარტია" - 7%.

მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 21%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები