შოლცი: ომის დასრულებისთვის აუცილებელია რუსეთის აგრესია ჩაფლავდეს
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის და მოკავშირეების მიზანია რუსეთის აგრესია უკრაინაში სრულად ჩაფლავდეს.
ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
"იმისთვის, რომ ომი დასრულდეს აუცილებელია რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩაფლავდეს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად კოორდინაციაში. ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის ისეთ სისტემებს როგორიცაა IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს, ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს. ეს ყველაფერი გერმანიის ისტორიულ გარდატეხის წერტილის გერმანიის უსაფრთხობისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში",- განაცხადა შოლცმა.
შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გასული 11 თვის განმვლობაში გერმანიამ შეძლო დაეძლია რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, რასაც მთელ მსოფლიოში სკეპტიკურად უყურებდნენ.
კონტექსტი
გასულ კვირებში გერმანიის კანცლერზე მოკავშირეებისგან წნეხი გაიზარდა - მიზეზი უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემაა, რასთან დაკავშირებითაც ოლაფ შოლცი ამ დრომდე ყოყმანობს.
უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემის მზაობის შესახებ უკვე განაცხდეს პოლონეთის და ფინეთის ლიდერებმა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამისთვის გერმანიის თანხმობა დაჭირდებათ, რადგანაც ტანკები გერმანული წარმოებისაა.
მოსალოდნელია, რომ Leopard-ების გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 20 იანვარს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის ჯგუფის მორიგი შეხვედრის ფარგლებში მიიღებენ.