შოლცი: პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის დახმარებას შევამცირებთ
ოლაფ შოლცის თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რესურსებს არ ინანებს, თუმცა მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეამცირებს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ZDF-ის ეთერში განაცხადა.
შოლცმა Leopard-ების გაგზავნასთან დაკავშირებულ დასმულ კითხვასაც უპასუხა - "ეს არის მკაფიო გზავნილი პუტინისთვის, რომ მისი იმპერიალისტური ომი არ იქნება წარმატებული. იმიტომ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და არ დავუშვებთ განხეთქილებას ჩვენს რიგებში. ამავდროულად ჩვენ კვლავ არ დავუშვებთ, რომ მიმდინარე ომში მხარე აღმოვჩნდეთ",- განაცხადა კანცლერმა.
შოლცმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. კანცლერის თქმით, Leopard-ები ეფექტური იარაღია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი სწრაფად დასრულდება, რადგანაც პუტინი მზად არის უამრავი დანაკარგი მიიღოს, მაგრამ "პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევამცირებთ".
კონტექსტი
გუშინ, 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცესცემს. ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მრავალთვიანი განსჯის შემდეგ მიიღო გერმანიამაც.
ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული შეხვედრის დროს დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის 100-მდე Leopard-ის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.