შოლცი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ მან ბერლინში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ელისაბედ ბორნთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის დამპყრობლური ომის გათვალისწინებით, ჩვენი ერთობლივი გზავნილია: რუსეთის ტერორი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები". - თქვა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ გერმანია და საფრანგეთი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და ამ დროისთვის აქცენტი კეთდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.