შოლცი: რუსულ გაზზე უარს მალე სრულად ვიტყვით
გერმანია მზადაა მომავალი გათბობის სეზონისთვის, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
"ჩვენ აუცილებლად გადავურჩებით ამ ზამთარს", - თქვა მან სამშაბათს, 13 სექტემბერს, ბერლინში, გერმანელ დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე.
შოლცმა აღნიშნა, რომ მთავრობამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამ დროისთვის გერმანული გაზის საცავები 85 პროცენტით არის სავსე, თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალების მშენებლობაც წინ მიდის.
მისი თქმით, პირველი ასეთი ტერმინალი მუშაობას იანვარში დაიწყებს, ხოლო მილსადენის ქსელის გაფართოება გრძელდება. 2023 წლის ბოლოსთვის გერმანია შეძლებს გაზის იმპორტს ვილჰელმშავენის, სტადის, ბრუნსბიუტელისა და ლუბმინის ტერმინალებით, შემდეგ კი გერმანია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი გახდება.