შოლცის თქმით, ის უკრაინაში ომის გაყინვის წინააღმდეგია
რუსეთს უკრაინაში ომის გაყინვის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 26 მაისს Kölner Stadt-Anzeiger-თან ინტერვიუში განაცხადა.
კანცლერის თქმით, მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს რაიმე სახის ცივი მშვიდობის დამყარება, როგორიცაა ფრონტის ხაზის ახალ "საზღვრად" ქცევა რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს მხოლოდ პუტინის ინტერვენციების ლეგიტიმაციას მოახდენს", - თქვა შოლცმა.
მას მიაჩნია, რომ სამართლიანი მშვიდობაა საჭირო და ამის წინაპირობა რუსული ჯარების გაყვანაა.
ამასთან, გერმანიის მთავრობის მეთაურმა არ გასცა ცალსახა პასუხი, თუ როგორი უნდა იყოს ანექსირებული ყირიმის სტატუსი. კითხვაზე პასუხის გაცემისას მან ახსენა "ჯარის გაყვანა", შემდეგ კი დასძინა, რომ "ჩვენი საქმე არ არის, რომ უკრაინის ნაცვლად ვისაუბროთ როგორი შეთანხმებების დადება სურს მას."
შოლცმა ასევე თავი აარიდა შეკითხვას რუსეთში პუტინის რეჟიმის შეცვლის შესახებ.
"მე არ ვფიქრობ ასეთ სპეკულაციურ საკითხებზე. ბოლოს და ბოლოს, მოსკოვისა და კიევის მთავრობებს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება", - განაცხადა კანცლერმა.
მან აღნიშნა, რომ მისი ბოლო სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან "რამდენიმე ხნის წინ" შედგა და ის "აპირებს კვლავ ისაუბროს პუტინთან, როცა შესაფერისი დრო იქნება."