შოლცმა AfD-ს წევრებს უთხრა, რომ პუტინის მიერ მათი შექება სამარცხვინოა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს, ბუნდესტაგში, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წევრებს განუცხადა, რომ პუტინის მიერ მათი შექება სამარცხვინოა.

"სამარცხვინოა, რომ თქვენ ასეთი შექება რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღეთ." - თქვა მან.

შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას AfD-ს წევრებს მიმართა: "თქვენ ბევრი იმუშავეთ ამაზე და მოქალაქეებმა იცოდნენ, ამას რა მოუხერხონ."

ოთხშაბათს პუტინმა თქვა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც სურს რუსეთთან თანამშრომლობა, მათ შორის AfD-ს, რომლის ევროპარლამენტარებიც რუსეთთან კავშირებში არიან ბრალდებული.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს "ნეონაციზმის ნიშნებს AfD-ს ქმედებებში."

"ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს," - აღნიშნა მან. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და AfD არ უჭერენ მხარს სისტემურ ურთიერთობებს, მოსკოვი მხარს დაუჭერს ნებისმიერს, ვინც რუსეთთან ნორმალური კავშირების მომხრეა."

კონტექსტი

მემარჯვენე პოპულისტური პარტია AfD-ს პოპულარობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა შოლცის კოალიციური მთავრობის არაპოპულარობის ფონზე. 

თუმცა, ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე სკანდალის ფონზე, პარტიის მხარდაჭერა ბოლო 11 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

23 მაისს ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გარიცხეს ევროპარლამენტის ევროსკეპტიკური პოლიტიკური ჯგუფიდან "იდენტობა და დემოკრატია" (ID). ამის მიზეზი ის გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე AfD-ს პირველმა ნომერმა მაქსიმილიან კრაჰმა განაცხადა, რომ ნაცისტების SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.

მსგავსი სიახლეები