შოლცმა სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან შეერთება მოსთხოვა
სერბეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ 10 ივნისს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ "სანქციებს დააწესებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ მიიწევენ".
ვუჩიჩმა დაადასტურა, რომ შოლცმა "ნათლად სთხოვა სერბეთს შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს". მან აღნიშნა, რომ ბელგრადმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, განსაკუთრებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მაგრამ სერბეთი სანქციების მიმართ განსხვავებულ პოზიციას იკავებს "ბევრი მიზეზის გამო".
სერბებს "რუსებთან საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ", - დასძინა ვუჩიჩმა. გარდა ამისა, სერბეთი ენერგეტიკულად "ძალიან რთულ ვითარებაშია", აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც Der Spiegel-მა აღნიშნა, ბალკანეთის ქვეყანა თითქმის მთელ გაზს რუსეთიდან ყიდულობს.