შოტლანდიის ლიდერი 2023 წელს დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს

 

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას 2023 წელს აპირებს.

„ყველა ზომას მივიღებ, რომ 2023 წლის ბოლომდე რეფერენდუმის ჩატარება შევძლოთ“, - უთხრა სტერჯენმა მმართველი შოტლანდიის ეროვნული პარტიის წევრებს.

პირველი მინისტრი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი კამპანიის დაწყებას 2022 წლის ზაფხულიდან აპირებს.

______________________

2014 წლის რეფერენდუმში შოტლანდიელმა ამომრჩევლების 55 %-მა  დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

შოტლანდიის ეროვნული პარტია ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ამომრჩევლების განწყობა „ბრექსითის“ შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

2016 წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას ბრიტანელების 52 %-მა დაუჭირა მხარი, თუმცა შოტლანდიელების 62 %-ი კავშირში დარჩენის მომხრე იყო.

სტერჯენის გეგმებს წინ მნიშვნელოვანი დაბრკოლება ელის - რეფერენდუმის სავალდებულო ძალის მქონედ გამოცხადებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის (ვესტმინსტერში) თანხმობა სჭირდება.

მმართველი კონსერვატიული პარტია და ბრიტანეთის მოქმედი პრემიერი ბორის ჯონსონი რეფერენდუმის იდეას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც სავარაუდოდ სტერჯენს უზენაეს სასამართლოში დავა მოუწევს.

 

მსგავსი სიახლეები